ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას

27 მაისი, 2014

დღეს, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „ლიტერატურულ კაფეში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე არიან, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი კი მის, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. 

ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის გამო ხდება ფიზიკური ანგარიშსწორება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, აუცილებელია არჩევნებში ჩართული პირების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და დაცული იყოს. 

საყურადღებოა ისიც, რომ ჯერ კიდევ გაუხსნელია 31 მარტის შემთხვევა, როდესაც დაუდგენელმა პირებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წარმომადგენელს, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს. ამ შემთხვევაშიც დაზარალებული თავდასხმის მოტივად მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს, როგორც დღევანდელი, ასევე 31 მარტის ინციდენტი და ყველა არსებული რესურსით ხელი შეუშალოს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ძალადობის სახიფათო ტენდენციად ჩამოყალიბებას. ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მსგავსი ფაქტების კომენტირებისას გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და ცალსახად დაგმონ ძალადობა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) 

print