განცხადება 1 მაისის აქციაზე მომხდარ ინციდენტსა და დემონსტრანტების დაკავებასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება 1 მაისის აქციაზე მომხდარ ინციდენტსა და დემონსტრანტების დაკავებასთან დაკავშირებით

03 მაისი, 2013

 

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მშრომელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ორგანიზატორებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველებზე დაყრდნობით მედია იტყობინება, რომ აქცია თითქმის დასრულებული იყო, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტები ქუჩის სავალ ნაწილზე გადასვლისათვის დააკავა. დაკავებულებს შორის არიან სტუდენტური ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918-ის“ წევრები და ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეისწავლოს აღნიშნული ინციდენტი, კერძოდ მნიშვნელოვანია დადგინდეს:

  1. უქმნიდა თუ არა რეალურ დაბრკოლებას რუსთაველის გამზირზე მოძრავ ავტომანქანებს აქციის მონაწილეთა მსვლელობა, 
  2. ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,
  3. ჰქონდა თუ არა ადგილი მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას საპატრულო პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებით,
  4. რამდენად ადეკვატური სანქციები იყო გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შეიძლებოდა თუ არა სხვა უფრო მსუბუქი მეთოდების გამოყენება სიტუაციის დარეგულირების მიზნით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვა, თუმცა ამავდროულად ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა უზრუნველყონ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქალაქეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. საპტრულო პოლიციის თანამშრომლებს უნდა გააჩნდეთ მეტი თმენის ვალდებულება, მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს სიტუაციის ადეკვატური, ემსახურებოდეს ადგილზე მდგომარეობის განმუხტვას და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეეძლოთ მიემართათ იმგვარი ქმედებებისთვის, რაც არ გამოიწვევდა ადგილზე სიტუაციის გამწვავებას.

print