განცხადება აჭარაში მიმდინარე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება აჭარაში მიმდინარე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით

21 ივნისი, 2012

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 15 ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. აღნიშნული პროექტის მიზანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტიის ზრდა წარმოადგენს. იგეგმება ორი სახის – კასკადური და რეზერვუარის ტიპის – ჰესების მშენებლობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მასშტაბური პროექტების განხორციელების კვალდაკვალ საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები მატულობს, რომლის დროსაც ასევე ხდება მოქალაქის მიერ მიწის ტრადიციულად ფლობის იგნორირება. სამწუხაროდ, არც ჰესების მშენებლობა აღმოჩნდა გამონაკლისი.

აჭარაში რამდენიმე სოფელში (მარადიდში, მახოში, აჭარისწყალში და ერგეში) საერთო ჯამში 60-მდე ადგილობრივ მკვიდრს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, აგრეთვე უკვე რეგისტრირებულ ქონებაზე სანაცვლო კომპენსაციის მიღების პრობლემა შეექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ უკანასკნელ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც მოსახლეობამ საკუთრების დარეგისტრირება მოინდომა, მუშაობა შეწყვიტა საკუთრების უფლების აღიარების ადგილობრივმა  კომისიამ. ამ უწყება მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ განაახლა, რაც აღნიშნული სოფლების მიწები სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა.

მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საჯარო განხილვების მიუხედავად, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა ბედი ელის მათ საცხოვრებელ სახლებს, საჭირო გახდება თუ არა განსახლების პროცესის დაწყება ან რა უარყოფითი და დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჰესების მშენებლობა სამომავლო ცხოვრებისთვის.


print