განცხადება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
უკანასკნელ წლებში საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს, რაც საზოგადოებისგან დადებით შეფასებას იმსახურებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შემოღება იყო, რამაც სწავლების ხარისხიც აამაღლა. აგრარულ უნივერსიტეტში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რის შედეგადაც გაიზარდა უნივერსიტეტის პოპულარობა: 2012 წელს მიღებულ სტუდენტთა ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით უნივერსიტეტი ქვეყნის წამყვანი სასწავლო დაწესებულებების პირველ ათეულში მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება 3 იანვარს დაიწყო. მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე საბჭომ დღეს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ავტორიზაციის შეწყვეტა მიმდინარე სემესტრის დასრულების შემდეგ სტუდენტების სხვა უნივერსიტეტებში გადანაწილებას გულისხმობს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად დადგენა, თუ კონკრეტულად რა დარღვევების საფუძველზე მოხდა ავტორიზაციის შეწყვეტა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ დარღვევების რელევანტურობა და მათ საფუძველზე ავტორიზაციის გაუქმება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ასევე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, მიეცა თუ არა უნივერსიტეტს კანონმდებლობით დადგენილი 15-დღიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად.
განათლების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფისკენ მიმართული საქმიანობა ზოგადად მისასალმებელია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მზარდი ინვესტირების ფონზე, უკანასკნელ პერიოდში აგრარულ უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის არსებითი გაუმჯობესება მოხდა და აქამდე არაპოპულარულ დარგებზე აბიტურიენტების მოთხოვნა გაიზარდა, გაუგებარია, თუ რა საჭირო იყო ამგვარი მკაცრი ზომების მიღება უნივერსიტეტის მიმართ. არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს უნივერსიტეტის მართვაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას, რაც მეტად შემაშფოთებელია. სასწავლო პროცესის ამგვარი შეფერხება და მზარდი სასწავლო დაწესებულებისთვის ბარიერების შექმნა დააზარალებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას და უმაღლეს სასწავლებლებზე პოლიტიკური ზეგავლენის საფრთხეს შექმნის.
მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს:
-
მაქსიმალურად უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა, რათა მათი გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად არ იქნეს აღქმული უნივერსიტეტის თანამშრომლების, სტუდენტებისა და საზოგადოების მიერ.
-
უნივერსიტეტის მიმართ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიუკერძოებელი და მაქსიმალურად დასაბუთებული, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური მოტივაციების არსებობა.
-
მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროს ერთგვაროვანი მიდგომები ჰქონდეს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების მიმართ.
-
აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის განახლება სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უმტკივნეულოდ გაგრძელება, რისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტროსაც ეკისრება.
ასევე ვთხოვთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკითხის უმტკივნეულოდ და კანონის შესაბამისად გადაწყვეტა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მომავალშიც გააგრძელებს ამ პროცესის მონიტორინგს და დაინტერესებულ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.