„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადება პროკურატურის მიერ ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შესახებ
15 იანვარს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურას არ დაურღვევია ინტიმური ხასიათის ფარულ ვიდეოჩანაწერებში მონაწილე პირების უფლებები, რადგანაც ჩანაწერებში ასახული პირების ამოცნობა შეუძლებელი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, ვიდეოების გამოქვეყნება აუცილებელი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების სრულად ინფორმირებისთვის.
ერთი დღით ადრე პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ფარულად იღებდა ვიდეოზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი მამაკაცების (მათი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს წარმოადგენენ) ინტიმური ურთიერთობის დეტალებს.
პროკურატურის განცხადებით აღნიშნულ ჩანაწერებს მაღალჩინოსნები შანტაჟისა და ფულის გამოძალვის მიზნით იყენებდნენ. ვიდეოებში აღბეჭდილ საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს აიძულებდნენ საჯაროდ დაეჭირათ მხარი ყოფილი ხელისუფლებისთვის.
მთავრობამ მედიასაშუალებებს გადასცა ჩანაწერების ნაწილი, რომლებშიც ასახულია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი მამაკაცების ინტიმური კავშირები. ბევრმა მედიასაშუალებამ გაავრცელა აღნიშნული კადრები, მათ შორის, ეს ჩანაწერები youtube-ზეც გავრცელდა.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, კერძოდ:
-
საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად პროკურატურის მცდელობისა არ მომხდარიყო პირთა ამოცნობა, კადრების საშუალებით მაინც შესაძლებელია მათი იდენტიფიკაცია, რადგანაც ვიდეოებში ზედმიწევნით არაა შეცვლილი ხმები. „ლგბტ საქართველომ” უკვე გამოთქვა თავისი ღრმა შეშფოთება ვიდეობის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. აუცილებელია, პირების ინტერესები და პირადი ხელშეუხებლობა ცალსახად იყოს დაცული.
-
რამდენიმე ტელევიზიამ ვიდეოჩანაწერები წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადასცა. შესაბამისად, ამ მაუწყებლებმა დაარღვიეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ტელევიზიით არ უნდა გავრცელდეს სექსუალური აქტის შემცველი მასალა ღამის 12 საათამდე. ასევე, კოდექსი კრძალავს სექსუალური ხასიათის მასალის ან ამ საკითხზე გამართული დისკუსიების გაშუქებას საღამოს 8-დან 11 საათამდე თუ ეს არ არის განპირობებული საზოგადოებრივი ინტერესით, მასალა კი შესაბამისად უნდა იყოს დამონტაჟებული. ქცევის კოდექსში ასევე აღნიშნულია, რომ “დანაშაულის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს პროკურატურას საქმის წარმოებისას დაიცვას ჩანაწერებში წარმოდგენილი პირების უფლებები და მათი ღირსება, ასევე არ დაუშვას, რომ აღნიშნული პირები საზოგადოებამ ამოიცნოს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის პირადი ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების დაცვა განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა. ჩვენ ვთხოვთ ჟურნალისტებსა და მედია საშუალებებს, ეს საკითხი მაღალპროფესიულად გააშუქონ და არ დაუშვან პირების ვინაობის გამჟღავნება. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისგან, თუ ეს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს.