განცხადება რუსთავის მერიის მიერ კარტოფილის დარიგების თაობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება რუსთავის მერიის მიერ კარტოფილის დარიგების თაობაზე

19 ივნისი, 2012

18 ივნისს გავრცელდა სიუჟეტი საიდიდანაც ირკვევა, რომ რუსთავის მერიამ ქალაქის გარეუბნისა და სოფელ სამგორის სოციალურად დაუცველ 420 ოჯახს ერთჯერადად თითო ტომარა კარტოფილი უსასყიდლოდ დაურიგა. სიუჟეტის თანახმად, მსგავსი ტიპის დახმარება სოციალურად დაუცველებს აქამდე არ მიუღიათ.

არსებული კანონმდებლობით, დასჯადია საარჩევნო მიზნით მოქალაქისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემა ან დაპირება. დასჯადია, ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელის მიზანია კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ამგვარი ქმედება.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები სათანადოდ უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა, რამეთუ ასეთი ქმედებები შესაძლოა გამოყენებული იყოს ამომრჩეველზე სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად.

მივმართავთ კონტროლის პალატის პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ამასთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ მატერიალური და არამატერიალური ქონებით დაინტერესების გზით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა მკაცრი რეგულირების საგანია, მივმართავთ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად მოუწოდოს სახელმწიფო ორგანოებს თავი შეიკავონ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ისეთი ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელებისაგან, რომლებიც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა და შესაძლოა სახელისუფლო პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქნას აღქმული.

elections