ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას მობილური ოპერატორების მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა უკონტროლო მიყურადების თაობაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას მობილური ოპერატორების მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა უკონტროლო მიყურადების თაობაზე

29 მაისი, 2013

 

საქართველოს პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს

ბოლო რამდენიმე წელია, მთავრობის მიერ ფარული თვალთვალის წარმოება ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ კვლევაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მოხსენებებშიც აისახა. უკონტროლო სისტემატური თვალთვალი და მიყურადება მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს. ეს კი ის პრინციპებია, რომლებზეც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო არის დაფუძნებული. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული აღნიშნული ქმედებები სერიოზული კონტროლის საგანი უნდა იყოს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობები – ე.წ. შავი ყუთები, რომელთა მეშვეობითაც მოქალაქეების საკომუნიკაციო მონაცემებზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა ჰქონდათ. რაც მნიშვნელოვანია, ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ მომხდარა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შავი ყუთები მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე ახლაც არის განთავსებული.  სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს ერთდროულად 21,000 მობილური ნომრის მოსმენა შეუძლიათ.

ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურიდან დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს მისი კუთვნილი შავი ყუთები და მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობა კანონიერ ჩარჩოში ჩასვას. სასამართლოს ზედამხედველობის არარსებობა და სამართალდამცავი ორგანოებისა და სადაზვერვო სამსახურების ანგარიშვალდებულების დაბალი დონე ქმნის იმის დიდ საშიშროებას, რომ საკომუნიკაციო მონაცემებზე პირდაპირი წვდომისას ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და რომ ადგილი აქვს ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესის წარმომადგენლების საქმიანობისა და კომუნიკაციების მონიტორინგს.

ბუნებრივია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უშვებს ოპერატიული და საგამოძიებო სამსახურების მიერ მიყურადების შესაძლებლობას, თუმცა ეს ყოველივე კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ზუსტად ამიტომ, ასევე საჭიროა  მომავალში  მონაცემთა მოპოვების პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლა როგორც ოპერატორ კომპანიებთან, ისე – მარეგულირებელ კომისიასა და  სასამართლოსთან. მნიშვნელოვანია ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება. კონსულტაციების გზით, საჭიროა შემუშავდეს ფარული თვალთვალისა და მიყურადების პროცედურა, რომელიც სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და დაცული იქნება მონაცემთა სისტემატური და თვითნებური შეგროვებისგან.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უდიდესი სურვილია, რომ შეწყდეს ჩვენი მობილური ტელეფონების უკონტროლო მოსმენა. აღნიშნულის პირობა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საჯაროდ დადო. ზუსტად ამიტომ, საქართველოს ახალი მთავრობის მხრიდან აღნიშნული პრობლემის უახლოეს პერიოდში მოგვარება უტყუარი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ მან ზედმიწევნით შეასრულა ეს წინასაარჩევნო პირობა და ნამდვილად აქვს პოლიტიკური ნება ქვეყანაში განამტკიცოს კანონის უზენაესობის პრინციპები.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“