განცხადება გურჯანიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ქმედების შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება გურჯანიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ქმედების შესახებ

08 თებერვალი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, საიდანაც ჩანს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილი ზეწოლას ახდენს ჭანდრის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალისტზე და სთხოვს, დატოვოს თანამდებობა.

მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი ეხმიანება საპარალმენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე ტენდენციას საჯარო სამსახურში თანამშრომლების ხშირ შეთხვევაში გაუგებარი მიზეზებით, მათ შორის, შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული არ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემას, რამდენადაც ზემდგომი მოხელეების ასეთი ქმედებები კანონდარღვევებსაც შეიცავს და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

კერძოდ, საჯარო სამსახურში პარტიული ნიშნით პირების დასაქმებით ან/და გათავისუფლებით საჯარო მოხელეები არღვევენ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის”. შესაბამისად, დამრღვევ პირზე უნდა გატარდეს ამავე კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დეტალურად განსაზღვრავს პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს (კანონის მე-10 თავი) და დაუშვებელია, ამ პროცესს ჰქონდეს კავშირი პირის პოლიტიკურ ან/და საარჩევნო საქმიანობასთან.

ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია, იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის” 333-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე დაქვემდებარებულ პირს სთხოვს განცხადების დაწერას გათავისუფლების შესახებ, რასაც ახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ, რამდენადაც არ აქვს უფლება ასეთი მოთხოვნა წაუყენოს პირს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამ ქმედებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბება ხდება.

გარდა ამისა, როგორც სიუჟეტიდან იკვეთება, მოხელის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაქვემდებარებული პირის მიმართ ხდებოდა დევნა სიტყვის, აზრის და მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც ასევე დასჯადია (სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილი).

მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის ქმედება საჯარო სამსახურის პოლიტიზებას ახდენს, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რეფორმის განხორციელება. აქედან გამომდინარე, მივმართავთ:

  • მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რამდენადაც, შეიძლება, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები;
  • საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას მსგავსი შემთხვევების გამეორება, მიიღოს სათანადო ზომები და უზრუნველყოს თანასწორი და კონკურენტუნარიანი ვითარება საჯარო სამსახურში პირების დასაქმებისას და გათავისუფლებისას;
  • საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი იძულებისაგან საჯარო სამსახურში პირების მიმართ და თუ მიაჩნიათ, რომ არსებობს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, მიმართონ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.