ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პრემიებზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ პრემიებზე

28 იანვარი, 2013

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის პრემია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა მიიღო. რწმუნებულის თანამდებობაზე ყოფნის თერთმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში მან 46 288,34 ლარი გამოიმუშავა, მათ შორის 23 144,32 ლარი პრემის სახით.  

გურამ მისაბიშვილის შემდეგ ყველაზე დიდი პრემია მისმა მოადგილეებმა ერეკლე ჯაფარიძემ და ვახტანგ ცხადაიამ აიღეს. თითოეულმა შრომითი ანაზღაურების სახით 2012 წელს 37 687,5 ლარი მიიღეს, აქედან 10 687,5 პრემიაა. კიდევ ერთმა მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა პრემიის სახით 9 611,4 ლარი მიიღო, სულ კი მისმა შრომითმა ანაზღაურებამ 2012 წელს 20 458, 76 ლარი შეადგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ თანამდებობაზე  ყოფნის ოთხი თვის განმავლობაში შრომითი ანაზღაურების სახით 14 621,74 ლარი აიღო, აქედან 7 310,87 ლარი პრემიის სახით. ზაზა გოროზია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 16 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მეორედ დანიშნა. 2013 წლის 11 იანვარს კი გოროზია თანამდებობაზე შსს-ს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ შეცვალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, ამჟამად აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით დარცმელიძემ 2012 წელს შრომითი ანაზღაურებისა და პრემიის სახით 27 193, 63 ლარი აიღო, აქედან 8 850 ლარი პრემის სახით. დარცმელიძე გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე 2011 წლის 15 ნოემბერს დაინიშნა, 2012 წლის 29 აგვისტოს კი აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს.

დავით დარცმელიძე 2009 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე მუშაობდა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსად. 2011 წლის სექტემბრიდან გადაიყვანეს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსად, სადაც იმუშავა 2011 წლის ნოემბრამდე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 67 თანამშრომელზე  2012 წელს ადმინისტრაციამ შრომის ანაზღაურების სახით 748 804,41 ლარი გასცა, მათ შორის 230 096, 59 ლარი პრემიის სახით. 

როგორც ჩანს პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა კვლავ შენარჩუნებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც.  აღნიშნული პრაქტიკა გვხვდება აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა დაწესებულებაში. ამ შემთხვევაშიც იგნორირებულია პრემიის გაცემის კანონმდებლობთ გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ კი ის, რომ პრემიები მოხელეებზე უნდა გაიცემოდეს გარკვეული დამსახურების საფუძველზე, რაც შესაბამის ბრძანებაში უნდა იყოს მითითებული. დაუშვებელია მისი ავტომატურად დარიცხვა. 

“საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო” უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ორგანოების  და ქალაქ ფოთის მერიის მიერ გაცემული თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების შესახებ.