იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში

26 აპრილი, 2016

                                                                                                                                    

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის #4

პრეზენტაცია

პრეს-რელიზი

თბილისი - ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დევიდ სთოუნჰილმა,  დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2016 წლის 25 აპრილს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში. ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.  

მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:

საანგარიშო პერიოდში საბჭოს საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი - მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, წარმოშობდა ეჭვებს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობისა და ნეიტრალობის თვალსაზრისით; საბჭოში აღარ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა; მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურია; არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა.

მეორეს მხრივ, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს შემდეგი:

  • მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საბჭომ ყველა შემთხვევაში უზრუნველყო წინასწარ დღის წესრიგის გამოქვეყნება, განასხვავებით წინა საანაგრიშო წლებისგან, როცა დღის წესრიგი გვიან ან საერთოდ არ თავსდებოდა ვებ-გვერდზე. ამასთან, დაფიქსრიდა ორი შემთხვევა, როდესაც საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსდა სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები. პოზიტიურ ტენდენცია დაფიქსირდა ასევე გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თვალსაზრისით, წინა წლებთან შედარებით, მათი გამოქვეყნება მიმდინარე საანგარიშო ოპერიოდში შედარებით დროულად ხდებოდა.

 

  • დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საბჭო ან საბჭოს წევრთა ნაწილი ცალკეულ შემთხვევებში ცდილობდნენ საჯარო განცხადებების მეშვეობით დაესაბუთებინათ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, მართებული იქნება თუკი საბჭო ასეთ უზრუნველყოფს თავად გადაწყვეტილების დასაბუთებას და  საჯარო განცხადებით არ შეეცდება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. საჯარო განცხადებებით რეაგირება შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოს რეპუტაციის დაცვას და არა საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებას. 

 

მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც დაფიქსირდა საბჭოს საქმიანობაში, გამოწვეული იყო როგორც არასათანადო, ბუნდოვანი საკანონმდებლო მოწესრიგებით, ისე საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დაუდგენლობით. კერძოდ:

  • კანონი კვლავ არ აკისრებს საბჭოს ვალდებულებას დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, დისციპლინური პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის შეფასებას. 
  • მოსამართლის შერჩევა/დანიშვნის კრიტერიუმები და პროცედურა არ არის კანონით დადგენილი, რაც საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას დაადგინოს, ცვლილებები შეიტანოს და დაიცვას მოსამართლეთა შერჩევ/დანიშვნის პროცედურა, რაც, თავის მხრივ, დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა.
  • საანგარიშო პერიოდში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი წარიმართა გაუმჭვირვალედ. მართალია გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარდა საბჭოს ღია სხდომაზე, მაგრამ არ იყო უზრუნველყოფილი გასაუბრების თანაბარი პროცესი. აღნიშნულმა წარმოშვა კითხვები მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით. 
  • საბჭოს მიერ მოსამართლეთა გადაყვანა ხორციელდებოდა გაუმჭვირვალედ, მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპის სათანადო პატივისცემის გარეშე.
  • ორგანული კანონი, რომელიც არეგულირებს მოსამართლის გადაყვანას, არის ბუნდოვანი და საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას. 2011-2015 წლებში მოსამართლეთა დაახლოებით ნახევრის მიმართ გამოყენებული იყო კონკურსის გარეშე სხვადასხვა სასამართლოებში გადაყვანის მექანიზმი.
  • საანგარიშო პერიოდში საბჭომ მხოლოდ ერთი მოსამართლის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სტატისტიკური ინფორმაცია ადასტურებს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმის არაეფექტურობას.   
  • საანგარიშო პერიოდში საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა რამოდენიმეჯერ გამოვლინდა, თუმცა, საბჭომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო არსებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.
  • კვლავ პრობლემას წარმოადგენს მედიის მიერ საბჭოს სხდომების გაშუქების საკითხი. საბჭო ზღუდავს მედიის მიერ სხდომების სრულად გაშუქებას. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გარანტირებულია  კოლეგიური ორგანოს სხდომების ღიაობა, საბჭოს დადგენილი აქვს განსხვავებული წესი და უფლებას აძლევს მედიას გადაიღოს სხდომის მხოლოდ გახსნითი ნაწილი.   
  • საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება პრობლემად რჩება საბჭოს მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში. საბჭომ მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოაქვეყნა ინფორმაცია დაგეგმილი სხდომის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში.

მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.   

 

საკონტაქტო პირები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია                საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი                          საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ლევან ქათამაძე                                                                               ნანა ლობჟანიძე

მობ.: 577 07 05 00                                                                              მობ.: 595 210 309

ელ-ფოსტა: pr@gyla.ge                                                                    ელ-ფოსტა: nana@transparency.ge

    

 

                                იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) ფარგლებში.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში

print