კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის 13 მარტის ინიციატივას ეხმაურებიან - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ მონაწილეები დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის 13 მარტის ინიციატივას ეხმაურებიან

17 მარტი, 2014

13 მარტს საინფორმაციო სააგენტო IPN-ის მეშვეობით დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადება გავრცელდა. დეპუტატის თქმით, მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა გიგი უგულავასა და მისი ქალიშვილის სატელეფონო საუბრის ფარული მოსმენის თაობაზე, დაწყებულია არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანია, პროექტის განხილვა პარლამენტმა დროულად უნდა დაიწყოს. როგორც განცხადებიდან ხდება ცნობილი, ლევან ბეჟაშვილის ინიციატივის დაყენების შემდგომ, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილამდე დაიწყება პროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

გვსურს საზოგადოებას და დეპუტატებს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ კამპანიის „ეს შენ გეხება” განახლება განპირობებულია დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების უარით წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი თვალთვალისა და მიყურადების სისტემის გამოყენების აღმოფხვრაზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ მანკიერი პრაქტიკის შედეგად შსს-ში უამრავი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი იქნა აღმოჩენილი.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ კამპანიის დაწყება ნამდვილად არ იყო დაკავშირებული ერთ რომელიმე შემთხვევასთან (მათ შორის არც დედაქალაქის ყოფილი მერის პირად საუბართან). პრობლემა გაცილებით უფრო ფართოდ დგას და იგი მთლიანად საზოგადოებას ეხება. კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის უფლების დაცვა, ვინაიდან მოქმედი საკანონმდებლო რეგულირებები და არსებული მანკიერი პრაქტიკა არ იძლევა საგამოძიებო ორგანოების ეფექტური კონტროლისა და მათი საქმიანობის სწორ რეგლამენტაციას. შესაბამისად, არსებობს რისკები, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს უკანონო მიყურადებისა თუ თვალთვალის მსხვერპლი.

მისასალმებელია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელების მხრიდან მათი მმართველობის პერიოდში დანერგილი არასწორი პრაქტიკის აღიარება და საჯაროდ კრიტიკა, თუმცა, გვინდა მოვუწოდოთ დეპუტატებს, და ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს, ნუ შეეცდებიან მიმდინარე პროცესებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას.

კამპანია „ეს შენ გეხება არ მოქმედებს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების მხარდასაჭერად. რომელიმე პოლიტიკური ჯგფის მხრიდან ამ პროცესის ამგვარად წარმოჩენა პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება და ჩვენთვის კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ მიმდინარე კამპანიის საკუთარი ინტერესებისთვის მორგების მცდელობა.

esshengexeba