კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მოუწოდებს მთავრობას გაასაჯაროოს ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მოუწოდებს მთავრობას გაასაჯაროოს ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი

19 სექტემბერი, 2016

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებაში. კოალიცია ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების ქვეყნის სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისათვის მზაობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობაში, საშუალება მიეცეთ გაეცნონ მას, იმსჯელონ და საჭიროებისამებრ წარმოადგინონ რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად.

2014 წელს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა შეიმუშავეს, განხორციელების მრავალ წელზე გათვლილი შეთანხმების, პირველ სამ წელში განსახორციებელი 2014-2016 წლების დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის. სამოქალაქო სექტორი, თავის მხრივ, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა საქართველოს მთავრობას დღის წესრიგის სამოქმედო გეგმების სავარაუდო შინაარსა და მის აღსრულებაზე.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა განსაზღვრულია თავად შეთანხმებით (თავი 20; მუხლი 370 ა, ბ) და გამყარებულია საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური პრაქტიკით. ამგვარი პრაქტიკის ერთი მაგალიათია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული 2016 წლის 8 აგვისტოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საინტერესო დიალოგი გაიმართა ასოცირების 2017-2019 წლების დღის წესრიგის იმ საკითხებზე, რომლებზეც თავისი რეკომენდაციები მოამზადეს შეხვედრაზე დამსწრე სამოქალაქო ორგანიზაციებმა.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გააღრმავებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის სასიკეთო პრაქტიკას, გაითვალისწინებს ევროკავშირის პოზიტიურ დამოკიდებულებას ამგვარი ნაბიჯისადმი და გაასაჯაროებს  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტს.