კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მას ხელმოსაწერად 2017 წლის 10 იანვარს გადაეგზავნა. კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ ის შენიშვნები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმის სწორად წარმართვისთვის.
კოალიცია არაერთხელ გამოეხმაურა „მესამე ტალღის“ კანონპროექტების საპარლამენტო განხილვებისას გამოვლენილ უარყოფით ტენდენციებს და შეაფასა წარმოდგენილი ცვლილებები. კოალიციის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტებით არ არის გათვალისწინებული რეფორმის განხორციელება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, გასათვალისწინებელია რეფორმის ის დადებითი ასპექტები, რომლებსაც აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს. ამის გამო, აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით, დაყოვნების გარეშე მიიღოს „მესამე ტალღის“ კანონპროექტები.
აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ პრეზიდენტის შენიშვნების დიდი ნაწილი შეეხება ინიციატივებს, რომლებიც კანონპროექტების ტექსტში გაჩნდა ვენეციის კომისიის მიერ დასკვნის გაცემის შემდეგ, მოულოდნელად და საჯარო განხილვის გარეშე. საბოლოო რედაქციით აღარ არის გათვალისწინებული ცვლილებები, რომელთაც ვენეციის კომისია დადებითად აფასებდა (მაგ.: არ იქნება შემოღებული სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესი). გარდა ამისა, კანონპროექტებს დაემატა ისეთი პრობლემური ცვლილებებიც, რომელთაც პირვანდელი ვერსია არ ითვალისწინებდა (უქმდება სასამართლოს თავმჯდომარისთვის დაწესებული შეზღუდვა იმავდროულად იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი).
კოალიციის მოსაზრებები პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით გათვალისწინებულ საკითხებზე:
- სასამართლოს თავმჯდომარის/პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარის არჩევა მოსამართლეების მიერ
მესამე ტალღის კანონპროექტების თავდაპირველი ვერსიით გათვალისიწინებული იყო თავმჯდომარეების არჩევა შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეების მიერ. ვენეციის კომისიის 2014 წლის დასკვნით აღნიშნული ცვლილება დადებითად შეფასდა. ცვლილებას კოალიციაც მიესალმებოდა. თუმცა, მესამე ტალღის კანონპროექტების შემდგომი ცვლილებებით თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილება კვლავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დარჩა.
სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის ფუნქციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დატოვება საბჭოს არაგონივრულად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, ხელს უწყობს სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარის ხელში განუზომლად დიდი უფლებამოსილების კონცენტრირებას, რაც საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. შესაბამისად, კოალიცია ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნას, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარის არჩევის წესის დაბრუნებას კანონპროექტში.
- სასამართლოს თავმჯდომარისა და ამავე სასამართლოში პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის ფუნქციების სხვადასხვა მოსამართლის მიერ შესრულება
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნის თანახმად, უნდა გაუქმდეს სასამართლოს თავმჯდომარის უფლება იმავდროულად იყოს ერთ-ერთი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე. კოალიცია მიესალმება აღნიშნული სახით საკითხის მოწესრიგებას და მიაჩნია, რომ სასამართლოს თავმჯდომარისთვის ამგვარი შეზღუდვის დაწესება განტვირთავს სასამართლოს თავმჯდომარეს რიგი არასამოსამართლო ფუნქციების შესრულებისაგან. ამასთან, შემცირდება სასამართლოს თავმჯდომარის ხელში არაგონივრულად ფართო უფლებამოსილების კონცენტრაციის რისკი.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სასამართლოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილის ან მოადგილის არჩევის საკითხი
მესამე ტალღის კანონპროექტებით სასამართლოს თავმჯდომარე, პირველი მოადგილე და მოადგილე შეიძლება გახდეს იუსტიციის საბჭოს წევრი, იმ შეზღუდვით, რომ სულ იუსტიციის საბჭოში თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების რიცხვი ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. ვენეციის კომისიის მიერ 2013 წელს გაცემული დასკვნის თანახმად, იმისათვის რომ არ მოხდეს ცალკეული პირების ხელში ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაცია შესაძლებელია დადგინდეს მოთხოვნა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარემ დატოვოს თავმჯდომარის ადმინისტრაციული თანამდებობა. კოალიცია ეთანხმება პრეზიდენტის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის იუსტიციის საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მათ შეუწყდება თავმჯდომარის, პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილება.
- გამოსაცდელი ვადის გაუქმება
მესამე ტალღის კანონპროექტების საბოლოო რედაქციაში გათვალისწინებულია დებულება, რომლის თანახმადაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები, რომელთაც აქვთ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება.
ვენეციის კომისიამ როგორც 2010, ისე 2014 წლის დასკვნებში ყურადღება გაამახვილა მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საფრთხეებზე და უარყოფითად შეაფასა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესის შემოღება. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადის გაუქმებას და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, რაც უნდა გავრცელდეს მესამე ტალღის კანონპროექტების ძალაში შესვლის შემდეგ დანიშნულ მოსამართლეებზე. კოალიცია მხარს უჭერს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესის გაუქმებას.
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა
„მესამე ტალღის“ კანონპროექტებით დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა, ხოლო მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება რჩება უზენაესი სასამართლოს პლენუმს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კანონით დგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის ზედა ზღვარიც.
კოალიცია მიესალმება მოსამართლეთა შესაძლო რაოდენობის კანონით მოწესრიგებას. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს უზენაესი სასამართლოს რაოდენობის განსაზღვრაზე, მოსამართლეთა დანიშვნასა და მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების იმგვარად დაბალანსების საჭიროებას, რომელიც შეამცირებს პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდაზე არასათანადო გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხმიანება ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნული ბალანსის უზრუნველყოფის საჭიროებას. ამასთან, პარლამენტს სთავაზობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის საკითხის მოწესრიგებას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტი გარანტიების გათვალისწინებით.