კოალიციის მიმართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კოალიციის მიმართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

14 ნოემბერი, 2013

 

პატივცემულო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებო,

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოგმართავთ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ცვლილელებების ამოქმედების მოახლოებასთან დაკავშირებით. 

როგორც ცნობილია, ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა კონსტიტუციური ნორმა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით. ასევე, ამოქმედდება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება, მოსამართლის უვადოდ დანიშვნამდე მისი 3 წლით განმწესების და ამავე პერიოდში მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე. ამასთან, ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ (სავარაუდოდ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს), გეგმავს სხდომის გამართვას და მოსამართლეების დანიშვნას ახალი წესის (3 წლიანი გამოსაცდელი ვადით) შესაბამისად. 

თქვენთვის ცნობილია, რომ კოალიცია ბოლო წლების განმავლობაში მოითხოვდა და მხარს უჭერდა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის სისტემური რეფორმის იდეას. კოალიციისთვის ეს საკითხი ინარჩუნებს აქტუალობას, ამიტომაც მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ობიექტური და დასაბუთებული პროცესის უზრუნველყოფის მიზნით კოალიციამ დაიწყო კონცეფციისა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადება იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შესთავაზოს მოქმედი წესის დასაბუთებული ალტერნატივა. 

ამასთან, თქვენთვის ცნობილია კოალიციის ხედვა როგორც უვადო დანიშვნის ნორმის ამოქმედების და მისი მოქმედ მოსამართლეებზე გავრცელების, ასევე პარლამენტის მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც ვფიქრობთ, ვერ ითამაშებს დადებით როლს ინდივიდუალური მოსამართლისა და ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში.  

კოალიციისთვის საგულისხმო იყო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2014 წლის 1 მაისამდე შემუშავებულიყო მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის პროცესი და კრიტერიუმები. მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ გარდამავლ დებულებაში მითითებული ვადა იყო შანსი ყველა დაინტერესებული სუბიექტებისთვის შეთანხმებული, გამართული და პრინციპულად სწორი სისტემის შექმნისთვის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საბჭოს მიერ მოსამართლეების ახალი წესით დანიშვნის პრეცედენტი მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც საყოველთაო მცდელობას სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ასევე სასამართლო სისტემის განვითარების პერსპექტივებს.  სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საბჭომ უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის დადგენა ყველა არსებულ ლეგიტიმურ მოთხოვნასა და მოლოდინს შორის და არ შეუქმნას დამატებითი რისკები სასამართლო სისტემას.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები რეგულარულად აკვირდებიან საბჭოს საქმიანობას, შესაბამისად, ცნობილია ყველა ის სირთულე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს ახასიათებს. ნათელია, რომ ერთის მხრივ სასამართლოს ესაჭიროება მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა სისტემის შეუფერხებელი საქმიანობისთვის, მეორეს მხრივ კი, არსებულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სისტემის ღირსეული კადრებით დაკომპლექტება და შესაძლო რისკების დაზღვევა.

თუმცა, ამ რთულ და კომპლექსურ პროცესში არსებობს კიდევ ერთი სამართლიანი მოლოდინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს მიმართ - ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ გამოიყენოს საშუალება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად დააზარალებს სასამართლო ხელისუფლებას. მიგვაჩნია, რომ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეთა დანიშვნის პრეცედენტი სწორედ ამგვარ სარისკო საშუალებას წარმოადგენს. ამ საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე არ განუსაზღვრავს მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის პროცედურა და კრიტერიუმები. შესაბამისად, ამ წესით დანიშნული მოსამართლეებისთვის, ისევე როგორც საზოგადოებისთვის სრულიად არაგანჭვრეტადი იქნება მოსამართლეთა მონიტორინგის პროცესი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გასულ თვეებში გამოცხადებული კონკრუსის პირობების თანახმად, მონაწილე პირები კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში თანამდებობაზე ინიშნებოდნენ 10 წლიანი და არა გამოსაცდელი 3 წლიანი ვადით.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავი უნდა შეიკავოს მოსამართლეების 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან. თუმცა, თუკი საბჭოს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად აუცილებელია ახალი მოსამართლეების დანიშვნა, უმჯობესია საბჭოს წევრებს შორის ამაზე შეთანხმება მოხდეს კონსტიტუციური ნორმისა და კანონის ამოქმედებამდე, ვიდრე ძალაში შევა გამოსაცდელი ვადის მექანიზმი.