კორუფციის ფაქტი სოფლის მეურნეობის სამინისტროში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კორუფციის ფაქტი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

02 მაისი, 2013

ვეხმაურებით შსს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო შ.პ.ს „მექანიზატორის“ მაღალი თანამდებობის პირების დაკავებას. სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს შემდგომ ეტაპზე გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურეობრივი გულგრილობის და ექსპერტებზე ზეწოლაში ბრალდებით დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შ.პ.ს. „მექანიზატორის“ მაღალი თანამდებობის პირები. დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ გაფლანგული თანხები განკუთვნილი იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებასთან დაკავშირებით დახმარების პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენისათვის.

ვფიქრობთ, რომ თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტების გამოვლენა და პრევენცია ნებისმიერი ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ საჭიროა კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა მამხილებლების დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა იქნებოდა, რაც დადებით ეფექტს იქონიებს სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაზე.

print