„ეს შენ გეხება“ პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ეს შენ გეხება“ პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს

17 ივლისი, 2012

კამპანია „ეს შენ გეხება!“ ეხმიანება ბოლო დროს გაჟღერებულ ინიციატივას საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების დადგენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას. არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს.

აუცილებლად მიგვაჩნია გარკვეული შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურ პარტიებს შორის, იმისათვის, რომ წარიმართოს სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდოებიანი საარჩევნო პროცესი. თუმცა, მნიშვნელოვანია შეთანხმების პრინციპები არ იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, არამედ იგი მხარეებს შორის რეალური შეთანხმების საგანს წარმოადგენდეს.

ვფიქრობთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული პრინციპები არ არის საკმარისი პროცესის რეალური გაჯანსაღებისათვის. საჭიროა, როგორც ხელისუფლებამ, ისე პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და შეთანხმდნენ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

ჩვენ, არჩევნებზე დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა პარტია შეთანხმდეს შემდეგ პრინციპებზე:

პოლიტიკურმა პარტიებმა:

  • არ დაუშვან საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება. უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების მხრიდან კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და გაატარონ შესაბამისი ზომები ამ წესის დამრღვევთა მიმართ;

  • უზრუნველყონ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე;

  • არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა;

  • არ განახორციელონ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაიცვან, ამ კუთხით, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

  • არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების და სახელმწიფო უწყებებში კონცენტრირებული ძალაუფლების გამოყენების გზით;

  • ხელი შეუწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას-მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ თემატურ პოლიტიკურ დებატებზე და ამით მისცენ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა;

  • პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუშვან ძალადობის და აგრესიის წახალისება არჩევნების დღეს, მათ შორის, მომხრეების წინასწარი მობილიზების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უწესრიგობა და დესტაბილიზაცია არჩევნების დღეს;

  • უზრუნველყონ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები, არ დაუშვან ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები;

  • არ დაუშვან მედია საშუალებების ბოროტად გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის ან საზოგადოების დეზინფორმირებისთვის. ხელი შეუწყონ მედია საშუალებებს შორის არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განმუხტვას.

სახელმწიფო უწყებებმა:

  • იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით;

  • უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ;

  • არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა;

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას;

  • სახელმწილფო აუდიტის სამსახურმა და საგამოძიებო ორგანოებმა მეტი აქცენტი გააკეთონ დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე;

  • სახელმწილფო აუდიტის სამსახურმა ხელი შეუწყოს პარტიებს კანონის შესრულებაში, მათ შორის, წინასწარი კონსულტაციების გზით განსაკუთრებით დაფინანსების მიღების კუთხით;

  • არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები. უზრუნველყონ სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო ღონისძიებებზე ყველა რეგისტრირებული მედიასაშუალების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის თანაბარი პირობები;

  • ყველა შესაძლო და კანონიერი ფორმით უზრუნველყონ საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც ასევე გულისხმობს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ტელეარხების შეუზღუდავად მიწოდებას.

ვხელმძღვანელობთ რა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებივი ინტერესით და ვაცნობიერებთ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მოხდეს დროულად და მხარეების მაქსიმალური ჩართულობით.

გამოვხატავთ მზაობას, ხელი შევუწყოთ აღნიშნულ საკითხებზე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წარმართვას. 

elections