საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და ჯამპსტარტ ჯორჯიას მიმართვა პარლამენტს დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და ჯამპსტარტ ჯორჯიას მიმართვა პარლამენტს დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

15 სექტემბერი, 2014

 

15 სექტემბერს მსოფლიო დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის ფარგლებში ტარდება ღია მართველობის პარტნიორობის მიერ ორგანიზებული გლობალური საპარლამენტო ღიაობის კვირეული, რომელიც ემსახურება მსოფლიოს პარლამენტებში გამჭვირვალობის გაზრდას.

დემოკრატიული მმართველობის საფუძველია ის მოცემულობა, რომ მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტარები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენლები არიან და ამომრჩევლის „დაკვეთას“ ასრულებენ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას საზოგადოების კეთილდღეობისკენ უნდა მიმართავდნენ. შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ეკუთვნის მოქალაქეებს. ღიაობის პრინციპს მხარს უჭერს მთელი რიგი ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტებისა, როგორიცაა გაერო, ევროკავშირი, აფრიკის კავშირი, ამერიკის პარლამენტთა კონფედერაცია და ღია მმართველობის პარტნიორობა. ეს პრინციპი ასევე დაცულია 2013 წლის „პარლამენტთა ღიაობის დეკლარაციით“ (http://www.openingparliament.org/declaration), რომელიც მთელი მსოფლიოს პარლამენტებს მოუწოდებს, გაზარდონ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა.

საკანონმდებლო ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომას საკანონმდებლო საქმიანობა გლობალური მასშტაბით 21-ე საუკუნეში გადაჰყავს. საპარლამენტო მონიტორინგის ორგანიზაციები ხშირად შეიმუშავებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, იოლად დაუკავშირდეს საკუთარ წარმომადგენელს პარლამენტში (და პირიქით). საპარლამენტო მონიტორინგის ორგანიზაციები  ქმნიან ვიზუალებს, რათა უფრო კარგად გამოჩნდეს როგორ იცვლებოდა დროში კანონპროექტები, ვინ უჭერდა მხარს და ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წინააღმდეგი. ასევე ამ ორგანიზაციების მიერ შექმნილი შეტყობინელების სისტემის საშუალებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ საკანონმდებლო სიახლეებს.

ამგვარი ინიციატივების მიზანია საკანონმდებლო ორგანოების გაძლიერება და მოდერნიზაცია, რაც თავის მხრივ, პარლამენტარებს ეხმარება, მმართველობის ორგანოებისადმი ნდობის შემცირების გამოწვევას უპასუხონ და უკეთ წარმოადგინონ და დაუახლოვდნენ ტექნოლოგიებზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული საზოგადოება. მონაცემთა პროაქტიული გაზიარება პარლამენტებსა და მოქალაქეებს აძლევს წვდომას კომუნიკაციის, მონიტორინგისა და დაცვის დაბალ ხარჯიან მექანიზმებზე. იგი ასევე აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას, საშუალებას აძლევს მას, იურთიერთოს არჩეულ თანამდებობის პირებთან და უკეთ გაიგოს ის კანონები და საკანონმდებლო პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოების ცხოვრებაზე.

ჩვენი რწმენით, დროა, პარლამენტებმა გააძლიერონ თავიანთი, როგორც ხალხის მიერ და ხალხისთვის არჩეული წარმომადგენლების როლი და გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, რადგან ტექნოლოგიები ადამიანებს ახლებურად აკავშირებს ერთმანეთთან, სხვაგვარი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა და აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზის (http://votes.parliament.ge) გაუმჯობესების გზით საქართველოს პარლამენტს შეუძლია გამჭვირვალობისა და ღიაობის მაღალი ხარისხის მიღწევა. ამისათვის საჭიროა, პარლამენტმა შეინარჩუნოს კენჭისყრის ჩანაწერების უკვე არსებული ელექტრონული სისტემა და მხარი დაუჭიროს მის გაუმჯობესებას ისეთი საშუალებებით, როგორიცაა კანონშემოქმედებითი პროცესის განმავლობაში უნიკალური იდენტიფიკატორების გამოყენება. ეს უზრუნველყოფს კენჭისყრის მონაცემების საჯაროობას როგორც ყველა კანონად ქცეული, ისე – არმიღებული კანონპროექტისათვის.

ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად განვიხილოთ ამ მიმართულებით თქვენ წინაშე არსებული გამოწვევები, ვითანამშრომლოთ ტექნიკური თუ ინსტიტუციური სირთულეების გადალახვის საკითხებზე და დაგეხმაროთ საკანონმდებლო გამჭვირვალობის გაძლიერების სამოქმედო გეგმის შედგენაში.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ჯამპსტარტ ჯორჯია