მინისტრის ახალი ბრძანებით გადამზიდველების უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მინისტრის ახალი ბრძანებით გადამზიდველების უფლებების დარღვევა კვლავ გრძელდება

14 იანვარი, 2014

2013 წლის 25 იანვარს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლითაც მეწარმეებს/გადამზიდველებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადატანასთან დაკავშირებით; საქართველოს ფოსტა კი, ამავე ბრძანების საფუძველზე, სხვა ადგილობრივ გადამზიდველებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ ბრძანების შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

ფინანასთა მინისტრის მიერ მიღებული ბრძანების ამოქმედებით, გადამზიდველები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს პრობლემათა მთელ რიგს წააწყდნენ. ბრძანებით დადგენილი უსამართლო შეზღუდვების გამო, ზოგიერთი გადამზიდველის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივაც კი ეჭვქვეშ დადგა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამ ბრძანების შედეგად გადამზიდავი კომპანიების შეზღუდული უფლებების აღდგენას სასამართლოს გზით შეეცადა. ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო მისი ბათილობის შესახებ. დღესდღეობით კი დავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა; შესაბამისად, გადამზიდველები საქმიანობის გასაგრძელებლად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

საქმის გახმაურების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ახალი ბრძანება გამოსცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გადამზიდველების უფლებების შემლახავი რეგულაციები 2013 წლის 31 დეკემბერს უნდა გაუქმებულიყო. მინისტრის ეს ქმედება თავის დროზე საეჭვოდ მიიჩნია ჩვენმა ორგანიზაციამ, რაზეც შესაბამისი განცხადებაც გავავრცელეთ. სამწუხაროდ, გადამზიდველების მოლოდინის მიუხედავად, წინასწარ ინფორმაციის გავრცელების გარეშე, 2013 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ადგილობრივი გადამზიდველებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 20 დღით, 2014 წლის 20 იანვრამდე, გააგრძელა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით  გადამზიდველებს კვლავ ხელი ეშლებათ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში, ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელებით კი, იზრდება ის მატერიალური ზიანი, რაც ფინანსთა მინისტრის მიერ უკანონო ბრძანების გამოცემით ადგილობრივ გადამზიდველებს მიადგათ.

გაურკვეველია, რა საფუძვლითა და მიზეზით მოახდინა ფინანასთა მინისტრმა გადამზიდველების ინტერესების შემლახავი ბრძანების გაუქმების მორიგი გადავადება. დაუშვებელი სახელმწიფო უწყების მიერ ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების დროის მცირე მონაკვეთში, ინფორმაციის წინასწარ სათანადოდ გავრცელების გარეშე მიღება. მსგავსი ქმედებები ხელს უშლის სტაბილური გარემოს შექმნას და მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ.

print