მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ახალი ფაქტები ქობულეთში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ახალი ფაქტები ქობულეთში

20 აგვისტო, 2012

ქობულეთის რაიონის სოფელ გვარასა და ალამბარში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ახალი ფაქტები ფიქსირდება. კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  რამდენიმე ოჯახისთვის 2008 წელს ქობულეთის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ საკუთრებაში გადაცემული და შემდგომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასხვისა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეებს ემუქრებიან თუ ისინი აღნიშნული ფაქტის გახმაურებას ან მასზე რაიმე სახის რეაგირებას მოახდენენ.

ქობულეთის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარის მოადგილის ლაშა ანანიძის განცხადებით, კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობები ადგილობრივებმა საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირეს – რაც კანონმდებლობით, მათი მესაკუთრედ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. პირველადი ინფორმაციით დაზარალებულთა უმრავლესობა საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირებული მესაკუთრეები არიან, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ მოახერხეს კანონით დადგენილი პროცედურის ბოლომდე შესრულება.

მოვუწოდებთ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეისწავლოს ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო ქონების განკარგვისას არ შეზღუდოს მესაკუთრეთა უფლებები. აგრეთვე, მოვუწოდებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირებამდე გადამოწმდეს და გამოირიცხოს დაინტერესებული ტერიტორიების სხვა პირთა საკუთრებაში (მათ შორის ქაღალდის საკადასტრო აზომვითი ნახაზით დარეგისტრირებული ქონების) არსებობის ფაქტები.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად თვალყურს მიადევნებს ყველა ამ ფაქტს, გაუწევს სამართლებრივ დახმარებას დაზარალებულ მესაკუთრეებს და დაიცავს მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.