აჭარის მთავრობამ დროულად უნდა დაასრულოს სოფელ ჩანჩხალოში მიმდინარე გეოფიზიკური კვლევა და გაასაჯაროვოს შედეგები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აჭარის მთავრობამ დროულად უნდა დაასრულოს სოფელ ჩანჩხალოში მიმდინარე გეოფიზიკური კვლევა და გაასაჯაროვოს შედეგები

23 იანვარი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავტონომიური რესპუბლიკის (ა/რ) მთავრობას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს სოფელ ჩანხალოში გეოფიზიკური კვლევა, რომლის შედეგებზე მოსახლეობისთვის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლო კომპენსაციის გადახდა ან მათი განსახლებაა დამოკიდებული. კვლევამ უნდა დაადგინოს, სოფელ ჩანჩხალოში მდებარე სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს ბზარები მეწყრული პროცესების გამო გაუჩნდა თუ ჰესის გვირაბის მშენებლობისას. აჭარის ა/რ მთავრობას გეოფიზიკური კვლევა ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა და შედეგები გაესაჯაროებინა, თუმცა ის მზად ჯერ კიდევ არ არის.

კვლევის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელმაც საცხოვრებელი სახლების ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ სოფელ ჩანჩხალოში მდებარე 130–მდე სახლიდან 40-ში ცხოვრება სახიფათოა. ადგილობრივები სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების გაჩენას „შუახევის ჰესის“ ფარგლებში გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ და განსახლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.

სამთავრობო კომისიის შექმნამდე, მოსახლეობის მოთხოვნების საპასუხოდ, 2014 წელს, ჰესის მფლობელმა კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია” კვლევა ჩაატარა. დასკვნით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენობებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დაზიანების მიზეზები სახლების მშენებლობისას საინჟინრო წესების დარღვევა და მეწყრული პროცესებია და არა ჰესის მშენებლობის პროცესში გვირაბის გაყვანა.

მთავრობის და კომპანიის „აჭარისწყალი ჯორჯია” მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების საბოლოო შეჯერებით გადაწყდება, თუ ვინ უნდა გადაიხადოს მოსახლეობის საკუთრების დაზიანებისთვის კომპენსაცია - სახელმწიფომ თუ ჰესის მშენებელმა კომპანიამ. თუ დადასტურდა, რომ ადგილობრივებს ზარალი სტიქიური უბედურებების (მეწყერი, წყალდიდობა და ა.შ.) გამო მიადგათ, კომპენსაციის გადახდა მთავრობას დაეკისრება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისისთვის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის მიერ 20 იანვარს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობა თანხებს სისტემატურად გამოყოფს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს აჭარის ა/რ მთავრობას დროული ქმედებისკენ და შეახსენებს, რომ 40-მდე ოჯახი უკიდურესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას, რაც მეწყრული პროცესების სეზონურ გააქტიურებას უკავშირდება ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე განსახლების პროცესის დაწყებას და მათთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღებას.

print