პარლამენტმა არ უნდა დაუშვას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის პრეცედენტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პარლამენტმა არ უნდა დაუშვას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის პრეცედენტი

03 აპრილი, 2013

 

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირებისა და დაშლის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა, რაც ამ თემების საჯარო განხილვის აუცილებლობაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ ხედვასა და რეკომენდაციებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეცვლასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა მოხდეს საბჭოს დათხოვნის პრეცედენტის დაშვება.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე, რაც მაუწყებლის მენეჯმენტის არაეფექტიანი მართვით და მუდმივი პოლიტიკური წნეხით იყო განპირობებული.  ცხადია, რომ სამეურვეო საბჭომ მაუწყებელზე ვერც ეფექტიანი ფინანსური ზედამხედველობის განხორცილება შეძლო და ვერც საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული გადაცემები შექმნა. სამწუხაროა, რომ საბჭომ ვერც გარე ზეგავლენისგან თანამშრომელთა დაცვა შეძლო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებული საბჭოს დაშლის სურვილი სრულებით გასაგებია. თუმცა, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემების აღნიშვნისას, აუცილებელია მათ გამომწვევ მიზეზებზეც ვისაუბროთ. ვფიქრობთ, რომ ყველა ამ პრობლემის მიზეზი სამეურვეო საბჭოს გარკვეულ წევრებზე პოლიტიკური გავლენის არსებობა იყო. ამიტომაც, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებაზე უნდა იზრუნონ.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამეურვეო საბჭოს სრულად დათხოვნა შექმნის მეტად საშიშ პრეცედენტს, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს მომავალშიც მისცემს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ყოველი ცვლილებისას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან.

მეტიც, ასეთი პრეცენდენტის შექმნის შემთხვევაში, მატულობს პოლიტიკური ჩარევის რისკი არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის საქმიანობაში, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდნენ.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს გარდამავალ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში საბჭოში 6 ვაკანტური თანამდებობა იქნება, რომელთა შესავსებად უკვე დაკომპლექტების ახალი წესები შეიძლება იქნას გამოყენებული. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება თავიდან აიცილებს საბჭოს დაშლის ნეგატიურ პრეცედენტს, უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს და შეასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.