პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს უახლოეს პერიოდში უნდა მოუსმინოს
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ეროვნული ბანკის ანგარიშის პარლამენტში განხილვის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ვალდებულია აღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინოს, (დამოუკიდებელი ორგანოების მიერ წარდგენილ ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვას პარლამენტს რეგლამენტი ავალდებულებს), მმართველი კოალიციის ზოგიერთი დეპუტატი ამ ვალდებულების შესრულების აუცილებლობას ვერ ხედავს. ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზების საფუძვლიანი და კანონისმიერი განმარტება დღემდე არ გაკეთებულა. საკითხს ამწვავებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებული პრობლემებიც. ამ ფონზე გაუგებარია მმართველი კოალიციის დეპუტატების უარყოფითი განწყობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსმენაზე დეპუტატებს კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ჭარბობს პოლიტიკური და პირადი მოტივაციები და არა საზოგადოების ინტერესები. ცხადია, ამგვარი განწყობა უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოების მოლოდინებზე.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელიც პარლამენტს პლენარულ სხდომაზე არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა მოესმინა, ჯერაც არ განუხილავს. ეს საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირია პრეტენზიები ეროვნული ბანკის ქმედებების მიმართ. ლარის გაუფასურება და თავად გიორგი ქადაგიძის მიმართ მმართველი კოალიციის უარყოფითი დამოკიდებულება საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის უფლებამოსილების შემცირებას, რომლის კონსტიტუციასთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ეწურება. ვინაიდან მმართველი კოალიციის რამდენიმე დეპუტატს ღიად გამოუხატავს უკმაყოფილება ეროვნული ბანკის მუშაობასთან დაკავშირებით, პარლამენტის ინტერესშია, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს შესაძლებლობა მისცეს, შეაჯამოს განვლილი პერიოდი, ისაუბროს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს შეეძლებათ, საჯაროდ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა მოხდეს პლენარულ სხდომაზე ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესი, შეასრულოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული იმპერატიული მოთხოვნა და პლენარულ სხდომაზე განიხილოს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში. ლარის კურსის დასტაბილურება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინტერესი უნდა იყოს, ხოლო ეს პროცესი ყოველგვარი პირადი და პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე უნდა წარიმართოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
