„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ეხმაურება
გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ახალი ვებგვერდი www.chemikhma.ge აამოქმედა, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში. ვებგვერდზე განთავსებულია საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 კითხვა, რომლებზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელი გაიგებს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენ პროცენტიანი თანხვედრა აქვს. ვებგვერდის მომზადების პერიოდში აღნიშნული კითხვები ოფიციალურად გადაეგზავნათ პოლიტიკურ პარტიებს/მათ ხელმძღვანელ პირებს, სადაც მათ ვთხოვდით პარტიის ოფიციალური პოზიცია დაეფიქსირებინათ ამ 36 კითხვასთან დაკავშირებით.
გუშინვე „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ქორწინების საკითხზე „რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია არასწორად არის მოცემული და ისინი ემხრობიან საქართველოს „სამოქალაქო კოდექსში” არსებულ ჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. „რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კითხვარში პარტიის პოზიცია, სამწუხაროდ, არასწორად იყო მოწოდებული და არ შეესაბამებოდა პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ჩვენ მოგვაწოდა „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა (თამარ კორძაიამ), რომელსაც არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ მას პარტიის ოფიციალურ პოზიციას ვეკითხებოდით. როგორც ჩანს, „რესპუბლიკურ პარტიაში“ კითხვართან დაკავშირებით შიდა კომუნიკაციის დროს გარკვეული გაუგებრობა მოხდა, რის გამოც ჩვენზე პასუხისმგებლობის გადმოტანა არასწორია. მივმართავთ „რესპუბლიკურ პარტიას“, ზუსტად მოგვაწოდოს შეცვლილი პასუხის ვარიანტი. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ ცვლილება შევიტანოთ ვებგვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კითხვარი უკვე დაახლოებით 10 000- მა მოქალაქემ შეავსო.
ასევე, მცირე ცვლილება განიცადა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების” ერთმა პასუხმა, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებულ კითხვას შეეხება. პარტია თავად დაგვიკავშირდა და აღნიშნული საკითხი მათი მხრიდან ტექნიკურ შეცდომას დააბრალეს. აღნიშნული ცვლილებაც შესაბამისად აისახება ვებგვერდზე.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვებგვერდზე ცვლილებების შეტანის გამო ბოდიშს ვუხდით იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე შეავსეს კითხვარი. დღის ბოლომდე აისახება ეს ორი ცვლილება, შესაბამისად, ვთხოვთ მომხმარებელს, აღნიშნულ პარტიებთან პოზიციების თანხვედრის კიდევ ერთხელ გადამოწმებას.
