ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება – ატყუებს თუ არა სამინისტრო გადამზიდველებს და საზოგადოებას?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უქმდება ადრე მიღებული რეგულაციები, რომელთა აღსრულების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მცირე და საშუალო გადამზიდველებს და უპირატეს მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული „საქართველოს ფოსტა“. აღმაშფოთებელი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ იანვარში მიღებული ეს რეგულაციები გაუმართლებელია, მათი გაუქმება ხდება არა მყისიერად, არამედ – მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან, მაშინ როდესაც ბაზარზე მცირე და საშუალო გადამზიდველები სავარაუდოდ აღარც იარსებებენ.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავიდანვე აკრიტიკებდა ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ ყოვლად გაუმართლებელი რეგულაციების შემოღებას. ორგანიზაციამ საჩივარიც შეიტანა სასამართლოში აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. 29 აპრილს სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ სადავო აქტში ცვლილებების განხორციელების შემდგომ აღარ იარსებებდა დავის გაგრძელების საჭიროება. ამ არგუმენტით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომის გახსნისთანავე იშუამდგომლეს პროცესის 2 კვირით გადადებაზე. ასევე, ფინანსთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა მომჩივანი გადამზიდველების პრობლემას და მათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ დღეს ხელმოწერილი ბრძანების 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლა არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების მცდელობას და არის როგორც გადამზიდველების, ისე – საზოგადოების მოტყუება, ვინაიდან:
- მომავალი 8 თვის განმავლობაში ამ ბაზრიდან პრაქტიკულად განდევნილი იქნება ყველა მცირე და საშუალო მეწარმე, მათ მიყენებული ექნებათ სერიოზული ფინანსური ზიანი და აღარ ექნებათ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა. ამ დროის განმავლობაში კი ბაზარზე უპირატეს მდგომარეობას საბოლოოდ განიმტკიცებს „საქართველოს ფოსტა“;
- მომავალი 8 თვის განმავლობაში ასევე ძალაში რჩება ის საბაჟო რეგულაციები, რომლებიც მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. მათი ძალაში დატოვება კი ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და შეუსაბამობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან;
- ამასთან ერთად, არათანმიმდევრულია თავად ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც საბაჟო ადმინისტრირების კონკრეტული წესების სავარაუდო გაუქმების შესახებ 8 თვით ადრე გამოიცემა, მაშინ როცა იმავე საბაჟო ადმინისტრირების წესების ამოქმედება პრაქტიკულად შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 დღეში მოხდა.
მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს მყისიერად გააუქმოს 2013 წლის იანვარში მიღებული ბრძანება და იმოქმედოს მცირე და საშუალო გადამზიდველების ინტერესების დასაცავად.
ცნობისათვის, სასამართლოს მორიგი სხდომა 14 მაისს გაიმართება, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაზარალებული გადამზიდველების კანონიერი ინტერესების დაცვას გააგრძელებს.