რა ნიშნით არჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნაძალადევში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა ნიშნით არჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ნაძალადევში

15 აპრილი, 2013

30 მარტს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. საჩივარში ნათქვამია, რომ ნაძალადევის საოლქო კომისია, განსაკუთრებით კი კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გოგუა საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრების შესარჩევი  კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილეთა დისკრიმინაციას მათი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახდენდა. მიგვაჩნია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საფუძვლიანი შეიძლება იყოს და მათი შესწავლა შესაბამისი ორგანოების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს. საქმე შეიძლება გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულთანაც.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივარში აღნიშნულია, რომ კანდიდატურების „განხილვისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებსა და დასწრების უფლების მქონე პირებს არასწორად აწვდიდა ინფორმაციებს კონკურსანტების შესახებ.“ ასევე, მითითებულია, რომ „პარტიულმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ოლქის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით (რასაც თავმჯდომარეც არ მალავს), საჯარო კონკურსის მეშვეობით უბნებზე პარტიული ნიშნით „დანიშნა“ წევრები, რომლებიც წინა არჩევნებზე წარმოადგენდნენ და ეხლაც წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.“

გარდა ამისა, საჩივარში საუბარია, რომ საკონკურსო განაცხადებების ნახვის დროს ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც კონკურსანტებს საარჩევნო გამოცდილების გრაფაში მხოლოდ პარტიის წარმომადგენლობა ეწერათ და მათ, როგორც დიდი გამოცდილების მქონე კანდიდატებს, უპირატესობას ანიჭებდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათ შეძლეს ერთ-ერთი კონკურსანტის მიერ წარდგენილი განცხადების დასკანირება, მასში წლების მიხედვით მითითებულია კანდიდატის პარტიული თანამდებობებიც. იგივე განცხადება პარტიამ საოლქო კომისიიდანაც ოფიციალურად გამოითხოვა, რომლის ასლიც შეცვლილი აღმოჩნდა და მასში პირის პარტიული საქმიანობა უკვე არ არის ნახსნები. თუ დადასტურდა კომისიის თავმჯდომარის ასეთი ქმედება, სახეზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, სამსახურეობრივი სიყალბე (სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლი) და დოკუმენტის გადამალვა (363-ე მუხლი).

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ასეთი მოდგომების შედეგად, საოლქო კომისიის მიერ კონკურსით შერჩეული წევრებიდან 81 მათგანი წინა არჩევნებზე პარტიული კვოტით დანიშნული საუბნო კომისიის წევრი აღმოჩნდა, რომელთაგან 79 წევრი კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიების, ხოლო ორი წევრი პარტია ევროპული დემოკრატების მიერ იყო დანიშნული.

ასეთი მიდგომა არღვევს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს, ასევე საარჩევნო კოდექსისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის რეგულაციებს, რომელთა მიხედვითაც, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეს, არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეს საჩივარი არ განიხილა. ჩვენი მოსაზრებით, ცესკო ვალდებული იყო გადაემოწმებინა საჩივარში მოყვანილი სერიოზული ბრალდებები. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხს.

elections