რეკომენდაციები მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რეკომენდაციები მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით

17 აპრილი, 2014

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციაა, რაც გულისხმობს დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების ჩამოყალიბებას. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში სულ 69 თვითმმართველი ერთეულია. აქედან, რეფორმის შემდგომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით 7 ქალაქს -  თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, ამბროლაურს, გორს, მცხეთასა  და ახალციხეს მიენიჭება და  მათ მიმდებარე სოფლებისგან მუნიციპალიტეტები შეიქმნება.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ, რომლიც უფლებამოსილია ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმები შეიმუშავოს, 2014 წლის 10 მარტის სხდომაზე განიხილა გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ამბროლაურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი და ზემოაღნიშნულ საკრებულოებსა და მოსახლეობას თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე, არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნა შესთავაზა,  რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ისევ თვითმმართველ ქალაქში იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა მხარი ერთი თვითმმართველი ქალაქისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტის შექმნას დაუჭირეს, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 3 აპრილს საქართველოს პარლამენტს 7 თვითმმართველი ქალაქისა, და მათი მიმდებარე სოფლებისაგან მხოლოდ თითო მუნიციპალიტეტის შექმნის ინიციატივით მიმართა.

ასეთი მიდგომა ერთის მხრივ გააადვილებს ადამიანური რესურსების, ფინანსებისა და ვალდებულებების გადანაწილებას ქალაქისა და თვითმმართველი თემის (მუნიციპალიტეტის) მმართველ ორგანოებს შორის, თუმცა  ეს ვერ მოიტანს იმ ეფექტს, რაც რეფორმის საწყის ეტაპზე იყო დაგეგმილი. გარდა ამისა აღნიშნული მიდგომა სრულიად აბათილებს რეფორმის ძირითად იდეას - თვითმმართველობის მოსახლეობასთან დაახლოებას. წარმოდგენილი მოდელის თანახმად, ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ნაწილი სავარაუდოდ შესაბამის თვითმმართველ ქალაქში შეიქმნება, შესაბამისად მოქალაქეთათვის პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული სისტემა მოსახლეობას ვერ მისცემს რეალურ შესაძლებლობას  თვითმმართველობასთან დაახლოების გზით აქტიურად ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე გამორიცხავს ახალი ადმინისტრაციული ცენტრების შექმნას გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიებზე.

თუკი ხელისუფლების მიზანი რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება და თვიმმართველი ერთეულების რაოდენობის გაზრდით მათი მოსახლეობასთან მაქსიმალური დაახლოებაა, მაშინ მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. გათვალისწინებულ უნდა იქნეს დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური, ისტორიული და კულტურული   საკითხები. ეს მოითხოვს სოლიდური სამუშაოების განხორციელებას, ასევე მნიშნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებას. მიგვაჩნია, რომ 2-3 თვეში ამ მოცულობის სამუშაოების განხორციელბა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ოპტიმიზაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:

  • აუცილებელია დადგინდეს თუ რა მოცულობის ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს სახელმწიფოს ახალი მუნიციპალიტეტების ფორმირებისთვის. ასევე უნდა განისაზღვროს ახლადშექმენილი მუნიციპალიტეტის მიერ გასაწევი საბიუჯეტო ხარჯების დაახლოებითი მოცულობა;
  • გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი არგუმენტი თვითმმართველობის მოსახლეობასთან დაახლოებაა, ახალი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომ ის ტერიტორიული თვალსაზირისით გეორგაფიულად ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ყველა დასახლებული პუნქტისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწიინებულ იქნეს ისტორიულად ჩამოყალიბებული სიახლოვე თემებს, სოფლებსა და დასახლებებს შორის;
  • მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს შესაძლებლობა ახალ მუნიციპალურ ცენტრში ისარგებლოს სახელმწიფო მომსახურების სხვა სერვისისებითაც.
print