„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება „საქართველოს ფოსტის“ განცხადებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება „საქართველოს ფოსტის“ განცხადებას

03 აპრილი, 2015

 

დღეს, 3 აპრილს, საქართველოს ფოსტა გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშს „კონკურენციის პოლიტიკა: საფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში“. „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს, რომ კვლევა არ ასახავს რეალობას და, სავარაუდოდ, მიმართულია კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ბიზნეს რეპუტაციის შელახვისკენ. გვსურს, ამ განცხადებაზე განმარტება გავაკეთოთ. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია მონიტორინგს უწევს საქართველოს საფოსტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს. მონიტორინგისას იკვეთებოდა მთავრობის მცდელობა, შეეზღუდა კონკურენცია და უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა „საქართველოს ფოსტა“ კერძო კომპანიების ხარჯზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #40 დადგენილება და „ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა. ამ პრობლემატურ ტენდეციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი განცხადება გავავრცელეთ. გარდა ამისა, 2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართა სასამართლოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების მიზნით. ორგანიზაციამ საქმე ყველა ინსტაციაში მოიგო და ბრძანების გაუქმებასაც მიაღწია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომლითაც ანალოგიური შინაარსის მთავრობის დადგენილების გაუქმებას ვითხოვდით, და ამ დავაშიც, ასევე, უცილობლად გავიმარჯვებდით, თავად მთავრობას რომ არ გაეუქმებინა თავისივე დადგენილება.

უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის თავდაპირველი ვერსია ასევე უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა „საქართველოს ფოსტას“. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული კანონპროექტის დახვეწის პროცესში, რის შედეგადაც პირველად ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. დღეის მდგომარეობით კანონზე მუშაობა შეჩერებულია, მათ შორის, „საქართველოს ფოსტის“ საპრივატიზაციაო ნუსხაში შეტანის გამო.

მთავრობის მიერ კონკურენციის შეზღუდვის სწორედ ეს მცდელობებია შესწავლილი კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა 2015 წლის თებერვალში. ამ მოცემულობაში გაუგებარია „საქართველოს ფოსტის“ პრეტენზიები კვლევის დასკვნებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კვლევის დასკვნებისა და ყველა ჩვენი განცხადების სისწორეს, მით უმეტეს რომ მთავრობის მცდელობების არამართებულობა სასამართლო გადაწყვეტილებებითაც დასტურდება.

print