ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ უნდა გაჭიანურდეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება არ უნდა გაჭიანურდეს

08 აპრილი, 2014

მედიით გავრცელებული ინფირმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ვალდებულებების შესრულების, კერძოდ კი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ცვლილებების გატარების მიზნით, უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შევლენ.

გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ასევე იმაზე, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შექმნის პროცესში აუცილებელია სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა, რათა ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები დარეგულირდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლების გათვალისწინებით და დაცვით, ასევე, დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებაზე დაყრდნობით. 

მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ცდილობს ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივა განპირობებულია ქვეყანაში ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკის თვალსაზრისით.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კამპანიაში შემავალი რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თითქმის 3 წლის განმავლობაში იკვლევს ქვეყანაში ფარულ მიყურადებასთან არსებულ პრობლემებს და საერთაშორისო პრაქტიკას. გარდა ამისა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უკვე 9 თვეა ინტენსიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან, რათა კომიტეტის მიერ მოწონებული არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ინიციატივა შესაბამისობაში იყოს მოყვანილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. ზემოხსენებულ კანონპროექტზე თავისი დასკვნები წარმოადგინეს ევროპის საბჭომ და მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტმა.

იმედი გვაქვს, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო კომისია შეიქმნა ზუსტად ამ პროგრესული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოწონებული კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაციისთვის. სხვა შემთხვევაში, გაურკვეველია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ახალი სამთავრობო ჯგუფის ჩამოყალიბება. თუკი მთავრობა გაემიჯნება საპარლამენტო განხილვებს, რომელიც ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვან ფაზაშია შესული, გაჩნდება ეჭვი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები, შეგნებულად ცდილობენ გააჭიანურონ და ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს. კამპანიაში ეს შენ გეხება გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ხელი შეუწყოს იმ პროცესს, რომლის საბოლოო მიზანი უმოკლეს ვადებში საქართველოში თვალთვალისა და მიყურადების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდების დანერგვაა. ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო კომისიის მხრიდან პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის გააქტიურების ფაზაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ასევე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, არ გააჭიანუროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესი