საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა დაუშვებელია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა დაუშვებელია

19 სექტემბერი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა. „მას შემდეგ, რაც 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან და ახდენენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, ასევე მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას“ -განაცხადა მან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილებისა და მისი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების, კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოში სახელისუფლო სტაბილურობის განმტკიცებისათვის.

სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას სარჩელზე, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ეფუძნებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, პოლიტიკოსების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაციისაკენ მიმართული განცხადები არაერთხელ გაჟღერდა. ყოველივე ამას მოყვა ორგანიზებული ჯგუფების საპროტესტო აქციები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობისა და მოსამართლეების საცხოვრებელი სახლების წინ. აქციის მონაწილეები ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, ასევე ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პირების ქმედება წახალისებული იყო პოლიტიკოსების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ მიმართული არაერთი განცხადებით.

პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, გიგი უგულავას საქმის საერთო სასამართლოში განხილვის პარალელურად დამატებით კეთდებოდა განცხადებები მოსამართლის მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილების შინაარსთთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ მმართველი კოალიციის თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი ქმედებები შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც გარკვეული სახის „ინსტრუქცია“ მოსამართლისათვის თუ რა შინაარსის გადაწყვეტილება იქნებოდა მისაღები უმრავლესობისათვის. ამასთან, მსგავსი ქმედებებით უხეშად ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, პატივი სცენ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და თავი შეიკავონ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ისეთი განცხადებების გავრცელებისაგან, რაც საფრთხეს შეუქმნის მათი და მთლიანად სასამართლო სისტემის მიუკერძოებელ და ეფეტურ საქმიანობას. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებული მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები და ამ ქმედებებში ჩართული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.