სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს

06 სექტემბერი, 2013

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცხრავე წევრმა მხარი დაუჭირა გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას. სამეურვეო საბჭომ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს საფუძვლიანი და არგუმენტირებული განმარტება, თუ რა ფორმით დაარღვია ბარათაშვილმა მისთვის დაკისრებული მოვალეობები და რატომ ჩათვალეს მათ საჭიროდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს ერთხელ უკვე გამოუცხადა უნდობლობა, თუმცა, მაშინ, გათავისუფლებულმა დირექტორმა სასამართლო დავის მოგების გზით მოახერხა თანამდებობაზე დაბრუნება.

გასულ კვირას, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესის წამოწყების შემდეგ სამეურვეო საბჭომ განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობამ მათ დროულად და ამომწურავად არ მიაწოდა ინფორმაცია მაუწყებლის ვალებთან, გადაცემებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ პროცესები კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართოს, საზოგადოებას მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. მიგვაჩნია, რომ, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის მიზნით, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში უნდა მიიწვიოს სხდომაზე და მაუწყებელში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოსთხოვოს. ამასთან, პარლამენტმა უნდა მოისმინოს, თუ რა გზებით აპირებს სამეურვეო საბჭო მაუწყებელში არსებული კრიზისის დაძლევას.

მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ ასევე უნდა გამოიძიოს სამეურვეო საბჭოს თავჯდომარის, ემზარ გოგუაძის ბრალდება. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც, როგორც ჩანს, ამავდროულად საზოგადოებრივ მაუწყებელშიც მუშაობდა, მასზე ზეწოლა მოახდინა და სარგებელს დაჰპირდა, თუკი გოგუაძე ბარათაშვილის გათავისუფლებას ხმას არ მისცემდა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მიხედვით აკრძალულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განხორციელებული მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. სამეურვეო საბჭოს მოვალეობაა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიის შესრულება, რათა საზოგადოებრივმა არხმა ამომწურავად გააშუქოს საპრეზიდენტო არჩევნები და წარმატებით განახორციელოს დაგეგმილი პროგრამული ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი უნდა იყოს და პოლიტიკოსების ნაცვლად მაყურებლის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

Media, GMedia