საპარლამენტო არჩევნების შეჯამება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპარლამენტო არჩევნების შეჯამება

02 ოქტომბერი, 2012

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებს 420 ადგილობრივი და 56 საერთაშორისო დამკვირვებლით დააკვირდა. უცხოელი დამკვირვებლები წარმოადგენდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პორტუგალიის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლობებს.

ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები გადანაწილდნენ 301 საარჩევნო უბანზე და 73 საარჩევნო ოლქიდან 63-ს დაფარეს. უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 36 მობილური ჯგუფმაც მიადევნა თვალი. მობილურმა ჯგუფებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ე.წ. პრობლემურ უბნებს, რომელთა სია მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.

არჩევნების მიმდინარეობა

 არჩევნების დღე მრავალრიცხოვანი მცირე დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ასევე დაფიქსირდა რიგი მნიშვნელოვანი დარღვევბიც:

  • მარკირების პროცედურები. ბევრ უბანზე არ მუშაობდა მარკირების შესამოწმებელი აპარატი ან იყო უვარგისი სითხე (ქობულეთის ოლქი, N47-ე უბანი 70 ადამიანმა ხმა მისცა პროცედურის გავლის გარეშე; ფოთის ოლქის რამდენიმე უბანი; ჩოხატაურის და ოზურგეთის ოლქის რამდენიმე უბანი);

  • საარჩევნო სიებში სხვა პირების ხელმოწერები. დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ვერ მისცეს ხმა იმ მიზეზით, რომ ამომრჩეველთა სიებში მათ გრაფაში სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი (აჭარის რამდენიმე უბანში, კერძოდ, ბათუმის მე-3, მე-17, 23-ე, 32-ე, 82-ე და მე-16 უბნებზე და ასევე სხვა უბნებზე);

  • ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე. რამდენიმე ათეულ შემთხვევაში ამომრჩევლებმა პირადობის მოწმობის გარეშე მისცეს ხმა ან არ იყვნენ უბნის ამომრჩევლები და მისცეს ხმა (ახალქალაქის ოლქის მე-19 უბანი; კასპის ოლქის მე-9 უბანი);

  • ბიულეტენების უბნის გარეთ გატანა. რამდენიმე უბანში ამომრჩეველმა უბნის გარეთ გაიტანა ბიულეტენი. არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება საქმე გვქონოდა ე.წ. „სომხურ მარაოსთან”, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული დარღვევაა (საბურთალოს რაიონის 52-ე და 53-ე უბანი; მთაწმინდის ოლქის მე-16 უბანი);

  • ბიულეტენების რაოდენობა. ჩვენ მიერ დაფარული უბნების უმრავლესობაში იმაზე ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი იყო შეტანილი, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში მყოფი მოქალაქეთა რაოდენობა. 

ხმის დათვლა

მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები დაიხურა და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა, ხაშურის ოლქში სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, კერძოდ:

  1. ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეც. დანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. 46-ე და მე-19 უბანზე  სპეც. რაზმა ყველა დამკვირვებელი გამოაძევა და ზოგ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს გადაკეთებული ოქმები ჩაიბარა. ხაშურში მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც, რომელმაც გვაცნობა, რომ მე-5 და მე-45 უბანშიც სპეც. დანიშნულების რაზმი შეიჭრა;

  2. ხაშურის ოლქის 36-ე უბანზე მას შემდეგ, რაც საარჩევნო ყუთიდან ბიულეტენები მაგიდაზე დასათვლელად გადმოყარეს, კომისიის წევრმა გივი მჭედლიძემ  თავისი ბიულეტენები დააყარა ყუთიდან გადმოყრილებს.

 საარჩევნო ადმინისტრაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო კომისიები ძირითადად გამოირჩეოდა სწრაფი რეაგირებით და მაქსიმალურად ეხმარებოდა სადამაკვირვებლო მისიას ფუნქციების განხორციელებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიების მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები:

  • რამდენიმე ათეულ უბანზე არ არეგისტრირებდნენ ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაწერილ საჩივრებს (ჭიათურის 48-ე უბანი); ჩვენი დამკვირვებლების მიმართ კომისიის წევრების მხრიდან მოდიოდა აგრესია, დილით არ უშვებდნენ დამკვირვებელს უბანზე დაგვიანების გამო, ხოლო მოგვიანებით რამდენიმე დამკვირვებლის გაძევებაც სცადეს უბნიდან (ჭიათურის 48-ე უბანი; სიღნაღის ოლქის მე-17 უბანი; დუშეთის ოლქის 49-ე უბანი; გლდანის ოლქის 94-ე უბანი);

  • დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უბანზე მყოფ დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშნები (გორის ოლქის 67-ე უბანი, ზუგდიდის ოლქის 102-ე უბანი); თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ათეულ უბანზე (ბათუმის გორის და ოზურგეთის ოლქებში განსაკუთრებით) პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშნები, რამდენადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა დროულად მიწოდებული. ამის გამო, წარმომადგენლები ვერ შედიოდნენ უბანზე და ვერ ახორციელებდნენ უფლებამოსილებას;

  • ბევრ უბანში არეული იყო ბეჭდები (საჩხერის რამდენიმე უბანზე, სადაც უმეტესად გამოსწორდა პრობლემა, ჭიათურის 48-ე და 57-ე უბნებში იყო სხვა უბნების ბეჭდები, თუმცა გამოცვლა არ მოხდა, მიუხედავად არაერთი მითითებისა და საჩივრისა; სიღნაღის ოლქის მე-5 უბანზე მდივნის და რეგისტრატორის ბეჭდები ერთმანეთში აირია).

შედეგები

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ მიერ დაფარული 301 უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, პროპორციული წესით საარჩევნო სუბიექტებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

#5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — მეტი სარგებელი ხალხს“: ხმების 39.5%;

#41„ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“: ხმების 55.9%;

#10 „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“: ხმების  1.9%;

#38 „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“: ხმების 1.3%.

ჩვენი მეთოდოლოგიით აღნიშნული შედეგების განზოგადება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5%-იანი ცდომილებით შეგვიძლია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ დამკვირვებლებმა ამ დრომდე უკვე 47 საჩივარი დაწერეს და სერიოზული დარღვევების გამო მოითხოვეს 5 უბნის  გაუქმება (ბათუმის ოლქის მე-17 უბანი, ხაშურის ოლქის 36-ე  46-ე და მე-19 უბანები; სიღნაღის ოლქის მე-5 უბანი).