ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „საფოსტო კავშირის კანონპროექტზე“ გამართული შეხვედრის შედეგები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „საფოსტო კავშირის კანონპროექტზე“ გამართული შეხვედრის შედეგები

17 აპრილი, 2014

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილთან ამა წლის 16 აპრილს შემდგარ შეხვედრაზე „საფოსტო კავშირის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • ლიცენზირება გავრცელდეს მხოლოდ უნივერსალური საფოსტო  მომსახურების და უნივერსალური სარეზერვო საფოსტო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე. შესაბამისად, მხოლოდ უნივერსალური საფოსტო მომსახურების გაწევის მსურველი ოპერატორისთვის დაწესდეს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალის  არსებობის  პირობების მოთხოვნა – აღნიშნულ მოთხოვნას ითვალისწინებს, ასევე, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება (თავი 6, მუხლი 101);

  • საფოსტო და საამანათო გზავნილების ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც არ მოიცავს უნივერსალური საფოსტო მომსახურების ბაზრის სეგმენტს, დარჩეს ლიბერალიზებული. ამ სეგმენტზე დაწესდეს მხოლოდ ოპერატორის ავტორიზაციის ვალდებულება კომუნიკაციების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული/ფორმალური ბარიერის დაწესების გარეშე. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ოპერატორის ავტორიზაციის პროცედურა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცედურის ეკონომიკურ არსთან;

  • კანონპროექტის ის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს მარეგულირებლისთვის ოპერატორების მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურს, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს რეგულირების საფასურის შესახებკანონით დადგენილ რეგულაციებთან. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს რეგულირების საფასურის განაკვეთის ოდენობის განსაზღვრას;

  • კანონპროექტიდან ამოღებული იქნეს მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22). ამდენად, კანონპროექტით აღარ იარსებებს რისკი, რომ გადამზიდავების ბაზარზე განმეორდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით შემოღებული პრაქტიკა, რომელიც სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი.  

შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საქართველოს ფოსტისთვის (იგივე, ეროვნული ოპერატორისთვის), ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭებაზე ე.წ. სარეზერვო მომსახურების ნაწილში – 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების მიღება/დამუშავება/გაგზავნა/გადაზიდვა და ადრესატისათვის ჩაბარებაზე. აღნიშნული არეალის არსებითად შეზღუდვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ამ ნორმის შესაბამისად, ბაზრის ამ სეგმენტზე კონკურენციის არსებითად შემზღუდველი რეგულაციები დაწესდება, რაც არაა თავსებადი მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომლის მიხედვით საფოსტო კავშირის სფეროში ბაზრის სრული ლიბერალიზაცია, თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა (ევროკავშირის დირექტივა 2002/39/EC) და „საფოსტო სარეზერვო მომსახურების“ არეალის გაუქმება (ევროკავშირის დირექტივა 2008/6/EC) ამ სფეროს წარმატებული რეფორმირების გზად არის მიჩნეული. ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკაში კანონმდებლობით დაშვებული მაქსიმალური სარეზერვო მომსახურების ნაწილი 2002 წლამდე განსაზღვრული იყო მხოლოდ 100გრ–მდე წონის წერილებსა და საფოსტო ბარათებზე. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ტიპის შეღავათის, ასევე, 30 კილოგრამამდე ამანათებზე განსაზღვრას არ მოეძებნება ანალოგი საერთაშორისო პრაქტიკაში.

 

print