„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ საქმე მოიგო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ საქმე მოიგო

27 მაისი, 2015

 

რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა მოქალაქე დ.დ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი რომელიმე სტრუქტურის თანამშრომელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  მოთხოვნილი ინფორმაციით დაინტერესება უკავშირდება დ.დ.-ს თანამდებობაზე ყოფნის დროს, გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტის შანტაჟისა და ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში მის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით ჩადენილ შესაძლო ქმედებებს. როგორც ცნობილია, ზემოთ აღნიშნული საქმეების ეფექტურად გამოძიება არ მომხდარა, რის გამოც ისინი ჩვენი ორგანიზაციის განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

ინფორმაციის მოწოდებაზე შსს-მ უარი განგვიცხადა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა დ.დ-ს შესახებ პერსონალური მონაცემებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ჰქონდა სამინისტროს.

ჩვენმა ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემზე სასამართლოში გაასაჩივრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნდა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ უნდა ჩათვლილიყო  პერსონალურ მონაცემად მოქმედი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დ. დ-ის, როგორც ყოფილი თანამდებობის პირის, მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

სასამართლომ მითითება გააკეთა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლზე, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიზნებზე და აღნიშნა; „სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ №03-2196 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია არ უკავშირდება არც პირის ჯანმრთელობას და არც მის ფინანსებს. ასევე შეუძლებელია ინფორმაცია პირის საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ განხილულ იქნას, როგორც კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მოცემულ საქმეში პირი უკვე იდენტიფიცირებულია (მოსარჩელის განცხადებაში მითითება იყო სახელზე, გვარზე, დაბადების თარიღზე და პირად ნომერზე), შესაბამისად შეუძლებელია სახელმწიფო ინსტიტუტში მუშაობის შესახებ ინფორმაცია ჩაითვალოს პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რომ ინფორმაცია ჩაითვალოს კერძო საკითხებთან დაკავშირებულად პირს უნდა გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი. საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი კი, ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების გონივრული ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ №03-2196 განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, ვინაიდან იდენტიფიცირებული პირის საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ ინფორმაცია, არ ექცევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური დეფინიციის სფეროში.”

ამასთან სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დ.დ. ყოფილი თანამდებობის პირია და აღნიშნულის გათვალისწინებით მიუთითა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის პერსონალური ინფორმაციის განხილვის პირობებშიც კი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის საკითხი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიესალმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებს. ვფიქრობთ, რომ აქამდე ბევრ ორგანიზაციას ჰქონდა პრობლემა აღნიშნული სახის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას, მოცემული გადაწყვეტილება კი არის პრეცედენტი პერსონალური მონაცემის ცნების განმარტებისათვის. მიგვაჩნია, რომ სასამართლო პრაქტიკის ამგვარად განვითარება ხელს შეუწყობს საჯარო ინფორმაციის მეტად ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისათვის.

print