შუალედურმა არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შუალედურმა არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა

27 აპრილი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს ექვსი მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდა. ჩვენი დამკვირვებლები ნაძალადევის ოლქის ყველა, სამტრედიის ოლქის 40 და ბაღდათის ოლქის 22 უბანზე იმყოფებოდნენ. სამივე ოლქში არჩევნებმა საერთო ჯამში მშვიდ გარემოში და ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე ჩაიარა.

საარჩევნო უბნების გახსნიდან დახურვამდე ორგანიზაციამ მხოლოდ ერთი საჩივარი დაწერა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბლარის მე-20 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა მისცა ამომრჩეველმა, რომელიც არ იმყოფებოდა არც ძირითად და არც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში. მან ხელი სხვა პირის გრაფაში მოაწერა; ხოლო იმ პირს, ვის ნაცვლადაც ხელი უკვე მოწერილი იყო გრაფაში, მაინც მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. რადგანაც გადასატანი ყუთით ხმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა, ვიდრე დასაშვები იყო, ყუთით მიცემული ხმები გაბათილდა. სხვა სახის სერიოზული გადაცდომები არ დაგვიფიქსირებია, თუმცა მცირე პროცედურული დარღვევების გამო ჩანაწერთა წიგნში ჩვენმა დამკვირვებლებმა რამდენიმე ათეული შენიშვნა შეიტანეს.

1. დღის განმავლობაში მცირე დარღვევების ჩამონათვალი:

  • სამტრედიაში სოფელ დაბლა გომის 29-ე უბანზე კომისიის მდივანს რეგისტრატორის მაგიდაზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა ჰქონდა დადებული. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ მასალა დამალეს, ხოლო განმეორებითი შენიშვნის შემდეგ გადაყარეს.

  • ბაღდათში რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნის შევსების წესის დარღვევები. კერძოდ, ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე, სადაც მიეთითება უბნის გახსნისას მყოფი პირების მონაცემები, მითითებული იყო დღის განმავლობაში უბანზე შესული პირების მონაცემები, ნაცვლად მეორე გვერდისა. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ კომისიის წევრებმა შეცდომები გამოასწორეს.

  • ბაღდათში რამდენიმე უბანზე კენჭისყრის კაბინაში არ იყო მითითებული სანიმუშო ბიულეტენები. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ ეს ხარვეზი გამოსწორდა.

  • სამტრედიაში 43-ე და მე-12 უბნებზე, პირები სამკერდე ნიშნის გარეშე იმყოფებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ ცესკოს წარმომადგენლები იყვნენ და სამკერდე ნიშანი ჯერ არ ჩამოსვლიათ. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნით, პირებმა დატოვეს უბანი.

  • სამტრედიაში მე-3, მე-12 და მე-40 უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციას „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ ერთის ნაცვლად სამ-სამი დამკვირვებელი ჰყავდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ სამივე შემთხვევაში ორმა დამკვირვებელმა დატოვა უბანი.

  • სამტრედიაში 50-ე უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“ ერთის ნაცვლად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ჩვენი დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ ერთი წარმომადგენელი გავიდა უბნიდან.

  • ბაღდათში მე-10 უბნის მიმდებარედ გამოკრული იყო სააგიტაციო მასალა, რომელიც ჩვენმა დამკვირვებლებმა ჩამოახსნევინეს.

2. პოლიციის თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობა აგიტაციაში

დღის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ბაღდათის ოლქის #10 უბნის სიახლოვეს იდგა პოლიციის მანქანა, სადაც საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს იძახებდნენ და ესაუბრებოდნენ. ჩვენი დამკვირვებლები მივიდნენ უბანზე, თუმცა მათ ვერ მოახერხეს აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება ადგილზე თვითმხილველების არყოფნის გამო. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ შემთხვევას ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ცნობით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მნშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტი სრულფასოვნად იქნეს გამოძიებული, რადგანაც ძალოვანი უწყების მიერ საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლა არის სერიოზული სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე.

3. სოციალური და პოლიტიკური რეკლამის გამოყენება

27 აპრილს, ტელეკომპანიებმა იმედმა და რუსთავი 2-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიჯო რეკლამა გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათშორისმა კომისიამ გაავრცელა. კლიპი თავისის შინაარსით პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ 20 აპრილს უწყებათაშორისმა კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც მოუწოდა მთავრობას წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს  ისეთი ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა, აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებულ არ იქნა (მაგალითისთვის იხილეთ რუსთავი 2-ის 27 აპრილის არქივი, 11:57:55-დან). ვფიქრობთ, რომ შსს-ის რეკლამა სავარაუდოდ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, რადგანაც სოციალური რეკლამა უნდა იყოს „საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.“ (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტი, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი, მე-12  მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული რეკლამის განთავსება კანონის დარღვევას წარმოადგენდა.

4. არასაკმარისი ბიულეტენები საარჩევნო უბნებზე

ტენდენციის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები იყო. ცესკოს განმარტებით, „საარჩევნო უბანზე ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ საერთო რაოდენობას აკლდება ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელთა გვარის გასწვრივ სიაში ფაქტობრივ მდგომარეობად მითითებულია, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე უცხოეთში, სამხედრო სამსახურშია, ან პატიმრობაში.“ ცესკოს ამ განცხადების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ აღნიშნულის სისწორე სამივე ოლქის უბნებზე. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სტატუსის მქონე ამომრჩეველთა გამოკლების შემთხვევაშიც, უბნებზე ბიულეტენები მაინც არასაკმარისად იყო, თუმცა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე ამ ფაქტს სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია.

5. სააჩევნო სუბიექტების კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ საარჩევნო სუბიექტების კოორდინატორები იმყოფებოდნენ, რომლებიც აღნუსხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, თუმცა მათი მხრიდან ზეწოლის ან სხვაგვარი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა არ დაფიქსირებულა.

6. აგიტაცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე

ჩვენმა დამკვირვებლებმა დღეს სამივე ოლქში უბნების გარეთ აგიტაციის შემთხვევები დააფიქსირეს, მაგალითად, ნაძალადევში დადიანის ქუჩაზე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში მჯდომი პიროვნებები რუპორის საშუალებით საარჩევნო სუბიექტის სოსო მანჯავიძის აგიტაციას ეწეოდნენ. აგიტაცია უშუალოდ უბანზე არ მიმდინარეობდა, თუმცა მეგაფონის საშუალებით ხმა არაერთ უბანზე აღწევდა. აღნიშნული კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანი ტენდენციაა და გათვალისწინებული უნდა იქნას საარჩევნო რეფორმის ფარგლებში.

 

განცხადება განახლებულია 2013 წლის 29 აპრილს. 

print
elections