სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებების მიღებისას აუცილებელია მაუწყებლებთან თანამშრომლობა
პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი განიხილება, რომელსაც დეპუტატებმა კენჭი მეორე მოსმენით, დღეს, 30 ივლისს უნდა უყარონ. კანონპროექტის მიხედვით, პრინციპულად არ იცვლება სოციალური რეკლამის რეგულირების წესები, თუმცა შემოთავაზებული ცვლილებები რამდენიმე ახალ ასპექტს მოიცავს.
სოციალური რეკლამის განმარტების ბუნდოვანება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სოციალური რეკლამა არის:
საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
შემოთავაზებული ვერსიით, სოციალური რეკლამის დეფინიციაში მცირედი ცვლილება შედის. კერძოდ, იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებაც არ შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად, ემატება თვითმმართველობის ორგანოები და სსიპ-ები.
შესაბამისად, სოციალური რეკლამის განმარტება კვლავ ფართოდ რჩება და ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. დეფინიციის ბუნდოვანების გამო, არსებობს რისკი, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სოციალური რეკლამა კვლავ არასათანადოდ იქნას გამოყენებული მათი სხვადასხვა აქტივობების რეკლამირებისთვის, რაც საზოგადოებრივი ინტერესით იქნება შენიღბული. წარსულში სოციალური რეკლამა პოლიტიკური მიზნებისთვის ხშირად გამოიყენებოდა; შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ისეთი განმარტების შემუშავება, რაც ინტერპრეტაციის ასეთ ფართო საშუალებას არ იძლევა.
მარეგულირებლის როლი დავის გადაწყვეტის საკითხში
კანონის ამჟამად არსებული ვერსიით, სოციალური რეკლამის საკითხზე წარმოშობილ დავას თავად მაუწყებელი, მისი თვითრეგულირების ორგანოს მეშვეობით, წყვეტს. კანონპროექტის მიხედვით, თუ მაუწყებელი და სოციალური რეკლამის განთავსების მსურველი პირი/ორგანო ვერ შეთანხმდებიან იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა რეკლამა კანონის მოთხოვნას, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დავას კომისია გადაწყვეტს. ამ შემთხვევაში კერძო მაუწყებლის საქმიანობაში ადმინისტრაციული ორგანოს ჩარევასთან გვაქვს საქმე.
დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება არასათანადო რეკლამის შეჩერებასთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ამ ნორმით დღესაც ხდება მაუწყებლებისთვის ვალდებულების დაკისრება, თუმცა, სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული ნორმა და ამ საკითხებში მარეგულირებლის ამგვარი ჩართვა, იმის გათვალისწინებით, რომ თვით რეკლამის დეფინიცია ბუნდოვანია, შესაძლებელია განიხილებოდეს, როგორც კერძო კომპანიის კომერციულ საქმიანობაში ჩარევა. ამიტომ მარეგულირებლისთვის სოციალური რეკლამის საკითხებზე დავის გადაწყვეტის ფუნქციის მინიჭება კერძო მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობს, რაც მედიის თავისუფლების შეზღუდვად შეიძლება შეფასდეს.
ამ რეგულაციის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამენ ასევე კერძო სამაუწყებლო კომპანიები. კერძოდ, სამაუწყებლო კომპანიების აზრით, კანონი მათ ნებისმიერი საინფორმაციო კამპანიის რეკლამის უსასყიდლოდ გაშვებას ავალდებულებს. გარდა ამისა, კანონში ამჟამად არსებული ჩანაწერი, რომლის შეცვლაც არც შემოთავაზებული პროექტით არის გათვალისწინებული, ტელეკომპანიებს ავალდებულებს ისეთი სოციალური რეკლამაც გაშვებასაც, რომელიც შეიძლება არ იყოს მედიის სარედაქციო პოლიტიკასთან თავსებადი. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიებს სრული თავისუფლება აქვთ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, უარი თქვან კომერციული რეკლამის გაშვებაზე, რისი უფლებაც მათ შეზღუდული აქვთ სოციალური რეკლამის შემთხვევაში.
მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა
კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ გამართულა კონსულტაციები მაუწყებლებთან, რომლებზეც ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა უშუალოდ გავლენა უნდა იქონიოს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის ცვლილებები დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიის შედეგად შემუშავდეს, რათა შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას ბაზრის მოთამაშეთა მოსაზრებები. ამ გზით, შესაძლებელი იქნება, თავიდან ავიცილოთ ის რისკები, რაც კერძო მაუწყებლებზე დაკისრებულმა მოვალეობებმა შეიძლება შეუქმნას სარეკლამო ბაზრის განვითარებას და მაუწყებლების ფინანსურ სტაბილურობას.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე არ განიხილოს კანონპროექტი და ამ ეტაპზე მაინც უზრუნველყოს ტელეკომპანიების ჩართულობა, რათა აცილებული მედიასაშუალებების ფინანსურ სტაბილურობასა და მათ სარედაქციო პოლიტიკაში არასათანადო ჩარევასთან დაკავშირებული საფრთხეები.
