“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ფოტოგრაფების საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს
2011 წლის ივლისში დაკავებული და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ინტერვიუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პატიმართა მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხყოფის შესახებ ფაქტებს კიდევ უფრო მეტად მოჰფინა ნათელი. აბდალაძე და მისი კოლეგები ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ყალბი ვიდეო-აღიარება იძულებით არის მიღებული.
მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ინტერნეტ-საიტზე Ambebi.ge გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში, აბდალაძე აცხადებს, რომ ის აიძულეს შიმშილობა შეეწყვიტა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერებაშვილის შეხვედრამდე, რათა მინისტრს შესაძლებლობა ჰქონოდა ეთქვა, რომ აბდალაძე კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
აბდალაძე ხაზს უსვამს, რომ მისი აღიარება, რომ ის რუსეთის საიდუმლო სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდა, მუქარის შედეგად იყო მიღებული. მისი თქმით, ციხის დაცვა დაემუქრა, რომ მის თვალწინ იმ პატიმრებს სცემდნენ და გააუპატიურებდნენ, რომლებთან ერთადაც აბდალაძე საკანში იმყოფეობდა.
ფოტოგრაფი აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ჩადენა სცადა, მაგრამ მეორე პატიმარმა გადაარჩინა. მისივე თქმით ის აიძულეს უარი ეთქვა ადვოკატ ეკა ბესელიას იურიდიულ დახმარებაზე (ბესელია დღეს პარლამენტში ოპოზიციური გაერთიანების სახელით, „ქართული ოცნება“, კენჭს იყრის). ფოტორეპორტიორის მოგონებიდან ირკვევა ასევე, რომ მისი საუბარი საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლებთან ციხის ადმინისტრაციის მიერ ფარულად იწერებოდა.
აბდალაძე იხსენებს, რომ მისი დაპატიმრების ღამეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მისთვის უცნობი ელექტრონული დისკი (CD) ყალბი მტკიცებულების სახით დადო მისი ბინაში. შემდეგ აბდალაძე გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მთავარ შენობაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია (იმ დროს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა დათა ახალაია, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანადმებობიდან გადამდგარი ბაჩო ახალაიას ძმაა). აბდალაძის განცხადებით, მოდულის შენობაში მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, დაემუქრენ რა, რომ ელექტროშოკით აწამებდნენ.
აბდალაძის თქმით ის შოკირებული იყო გლდანის #8 საპყრობილეში არსებული მდგომარეობით (იგივე ციხე, სადაც ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო მასალაში აღბეჭდილია დაცვის თანამშრომელთა მიერ პატიმართა ცემისა და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტები), სადაც ის წინსწარ დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. აბდალაძე აცხადებს, რომ მან ციხეში, ნახა თუ როგორ სცემდნენ თანამშრომლები პატიმრებს, არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დამხარებას, არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს. პატიმრებს ასევე არ ეძლეოდათ საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
ფოტოგრაფი აცხადებს, რომ პირადად მას არავინ სცემდა, მაგრამ მას ესმოდა თუ როგორ სცემდნენ და აწამებდნენ სხვა პატიმრებეს. აბდალაძე ასევე ამბობს, რომ სხვა პატიმრებმა არაერთხელ უთხრეს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ბადრაგი პატიმრებს ხელკეტების გამოყენებით აუპატიურებდა.
აბდალაძის თქმით, გავრცელებულ ვიდეოებში მან ამოიცნო რამდენიმე პირი, ვინც უშუალოდ მას ემუქრებოდა და აიძულებდა დანაშაული ეღიარებინა. სხვებთან ერთად, ლაპარაკია ოლეგ ფაცაცია-სა და დავით დევნოზაშვილზე. ეს უკანასკნელი სწორედ ის პოლიციელია, ვინც სავარაუდოდ აშანტაჟებდა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, მაგრამ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.
სხვა დაკავებული ფოტორეპორტიორი, ზურაბ ქურციკიძე, პირველი სასამართლო პროცესის დროს აბდალაძეს ესაუბრა და უთხრა, რომ სასტიკად იყო ნაცემი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მოვლენების განვითარების დროს ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, მოითხოვდა ჟურნალისტების გათავისუფლებას და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დემონსტრაციაში, რომელიც მიმართული იყო ჟურნალისტების მხარდასაჭერად, იმ მოთხოვნით, რომ მათ საქმეს გრიფი საიდუმლო მოხსნოდა.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ახლადაღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
ცნობისათვის, პატიმრების ცემისა და წამების დამადასტურებელი მასალის გავრცელების შემდეგ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან ერთად მოითხოვს:
- ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება საგანგებო პროკურორის ხელმძღვანელობით, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა იმ შემთხვევის გამოძიება რასაც ადგილი ჰქონდა პენიტენციალურ სისტემაში;
- სისხლის სამართლის საქმის აღძვრას შინაგან საქმეთა მინისტრის თანადმებობიდან გადამდგარი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. გამოძიება უნდა დაიწყოს ასევე სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ;
- იუსტიციის მინისტრ და მთავარი პროკურორის გადადგომას, ვინაიდან მათ არ მოახდინეს დოკუმენტირებული დარღვევების გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა, ხოლო ამჟამად შეუძლიათ, რომ ხელი შეუშალონ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას;
- ამასთანავე, მოვითხოვთ დამოუკიდებელი მექნიზმების შექმნას, რომელიც უზრუნველყობს დაზარალებულთა ოჯახის წევრების დახმარება.