განცხადება ცეზარ ჩოჩელის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით
2013 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ, მცხეთა-მთიანეთში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა ბრალი. საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა საქმის გარემოებები.
პროკურატურის ბრალდება
ცეზარ ჩოჩელს ბრალი ედება ორ ეპიზოდში:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით გიორგაძის დახმარებით მოტყუებით, თაღლითური გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ დაუფლება. პროკურატურის მოსაზრებით, მინისტრის მოადგილემ მის მიერ მოწვეულ აუდიტორს დაავალა შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ საბაზრო ღირებულების ხელოვნულრად შემცირება, რათა ცეზარ ჩოჩელს შეძლებოდა მისი ძმის იაგო ჩოჩელის კომპანიის შპს „მიქსორის“ საშუალებით აუქციონზე ქარხნის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად დაუფლება.
- 2010 წლის 21 სექტემბერს შპს „მიქსორმა“ აუქციონის საშუალებით 6 850 000 აშშ დოლარად შეიძინა ქარხანა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქარხანა სპეციალური აუდიტის მიერ 6 700 000 აშშ დოლარად შეფასდა. ბრალდების მხარის პოზიციით იმისთვის, რომ მომხადრიყო მინისტრის მოადგილისა და ცეზარ ჩოჩელის გეგმების რეალიზება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხნის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად დაუფლება, აუდიტორმა დასკვნის შედგენის დროს, ხელოვნურად არ გაითვალისწინა ისეთი გარემოებები, რომლებიც გაზრდიდნენ ქარხნის ღირებულებას. პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფო ბიუჯეტს ამ გარიგების შედეგად 19 696 764,33 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
- ცეზარ ჩოჩელს ასევე ბრალი ედება შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ შემოსავლების მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული საწარმოების განვითარება-ინვესტირების მოხმარებისთვის. კერძოდ კი, პროკურატურის მოსაზრებით, ქარხნის შემოსავლები სხვადასხვა პერიოდში მოხმარდა სს „ქართული ლუდის კომპანიას“ (ლუდსახარში ზედაზენი), შპს „მიქსორს“, შპს „ბარამბოს“ , შპს „ბერტას“. რის შედეგადაც პროკურატურის აზრით ცეზარ ჩოჩელმა ჯამში 49 931 429 ლარის ფულადი თანხის გათეთრება მოახდინა.
ცეზარ ჩოჩელი
ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს აქტივობა 90-იანი წლებიდან იწყება. იმ პერიოდში დაბა ახალგორში მან (ოჯახის წევრებთან და მეგობართან ერთად) დააფუძნა კომპანია „ლომისი“. რამდენიმე წელიწადში კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიქმნა ლუდსახარში „ნატახტარი“, რომელიც 2007 წელს „EFES“-ის დამფუძნებელ კომპანიაზე „Anadolu Group“-ზე გასხვისდა.
2008 წელს ცეზარ ჩოჩელის ძმამ, იაგო ჩოჩელმა დააარსა სამშენებლო კომპნია „მიქსორი“, 2009 წელს ამ ჯგუფის მიერ კავკასიაში უმსხვილესი საკონდიტრო ქარხანა „ბარამბო“, ხოლო 2011 წელს კი „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი). 2008 წლის თებერვლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ცეზარ ჩოჩელი მცხეთა მთიანეთის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.
ცეზარ ჩოჩელთან ასოცირებულ კომპანიებში დღეის მდგომარეობით ათასობით ადამიანია დასაქმებული. კომპანიების მენეჯმენტის განმარტებით, მათი უმეტესობა კომფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან.
შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ პრივატიზება
2010 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე 6 800 000 აშშ დოლარად საპრივატიზაციოდ გამოიტანა შპს „რკინა ბეტონის შპალის ქარხანა“. აუქციონი საჯაროდ გამოცხადდა და მის შესახებ საინფორმაციო საშუალებები 2010 წლის 3 სექტემბერს უკვე იუწყებოდნენ. აუქციონში მხოლოდ ერთმა კომპანიამ იაგო ჩოჩელის (ცეზარ ჩოჩელის ძმა) შპს „მიქსორმა“ მიიღო მონაწილეობა და შედეგად გაიმარჯვა კიდეც. აუქციონზე გამოტანილ ქარხანაში 6 850 000 აშშ დოლარი იქნა გადახდილი. აუქციონზე ინვესტირების ან სხვა რაიმე სახის დამატებითი პირობა არ ყოფილა დადგენილი.
პროკურატურის ბრალდებების ანალიზი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტებმა შეისწავლეს საქმის მასალების ნაწილი და მიგვაჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სისუსტე გააჩნია:
1. პროკურატურის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული 19 მილიონიანი ზიანის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული პრობლემა.
პროკურატურის საბრალდებო დასკვნიდან ირკვევა, რომ პროკურატურა აღნიშნული ზიანის გამოთვლისას ეყრდნობა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ საბაზრო ღირებულების შემცირება აუდიტორის მიერ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავალებით ხელოვნურად განხორციელდა.
აუქციონის ჩატარების დროისთვის შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნას“ დადებული ჰქონდა 75 მილიონიანი ხელშეკრულება „საქართველოს რკინიგზასთან“ შპალის მიწოდების შესახებ, რომელიც არ არის გათვალისწინებული ქარხნის აუდიტში და შესაბამისად არ აისახა ქარხნის საბოლოო ღირებულებაში. პროკურატურას მიაჩნია, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ სპეციალურად მოწვეულმა აუდიტორმა დასკვნაში განზრახ არ გაითვალისწინა საქართველოს რკინიგზასთან დადებული ხელშეკრულება და ამით ხელოვნურად შეამცირა ქარხნის ღირებულება.
პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტორმა დასკვნაზე მუშაობისას განზრახ გამოიყენა ქარხნის დებიტორ-კრედიტორების ინფორმაცია და ბუღალტრული ბალანსის მონაცემები 2010 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით და ამ მონაცემებით განსაზღვრა ქარხნის საბაზრო ღირებულება 25 აგვისტოს მითითებით, შესაბამისად დასკვნაში არ მიეთითა ამ დროის განმავლობაში ქარხნის მიერ მიღებული შესამოვალი და წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები, მათ შორის ქარხნისადმი შპს „საქართველოს რკინიგზის“ 914 085 ლარიანი დავალიანება. აღნიშნული ყალბი დასკვნის საფუძველზე კი პროკურატურის მოსაზრებით ხელოვნურად მოხდა ქარხნის საბაზრო ღირებულების შემცირება.
ჩვენი მოსაზრებით ზიანის გამოთვლისას გამოძიებას უნდა გაეთვალისწინებინა პრივატიზაციამდე ქარხნის შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების მდგომარეობა. ამ ფაქტობრივი გარემოების შესწავლა მნიშვნელოვანი იქნებოდა, რამდენადაც შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანაში“ არსებული დანადგარების უმეტესობა პრივატიზების მომენტისთვის ამორტიზირებულ მდგომარეობაში იყო, შესაბამისად აღნიშნული კითხვებს აჩენს ქარხნის საბაზრო ღირებულების გამოთვლასთან დაკავშირებით. ქარხნის ამჟამინდელი მესაკუთრეების განმარტებით აუქციონზე გატანის მომენტისთვის იგი პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებდა, საწარმოო დანადგარების უმეტესობა გამოუსადეგარი იყო და ქარხნის ძირითადი შენობა-ნაგებობა ნგრევის პირას იყო მისული. ქარხნის მძიმე მდგომარეობა იმ დროინდელი ფოტოსურათებითა (იხილეთ ქვევით) და საინჟინერო დასკვნით დასტურდება.
2. გაუგებარია ასევე, რატომ არ ითვალისწინებს პროკურატურა შპს „მიქსორის“ მიერ ქარხნის შეძენის ფორმას, იმის გათვალისწინებით, რომ ქონების შეძენა ღია აუქციონით მოხდა და აუქციონი კი საბაზრო ფასის დაფიქსირების ყველაზე მიღებული ფორმაა. შესაბამისად აუქციონზე წარმოქმნილი ფასის სადავოდ გახდა გაცილებით მეტ დასაბუთებას საჭიროებს.
მიუხედავად იმისა რომ აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას, ფორმალურად ქარხნის გასხვისება მაინც ღია აუქციონის საშუალებით მოხდა და მასში სხვასაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რომ აქ ადგილი ჰქონდა გარიგებას და სხვა პოტენციურ მონაწილეებს აეკრძალათ აუქციონში ჩართვა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ პერიოდში ინვესტორისთვის სიმბოლურ ფასად ან პირდაპირი წესით ქონების გადაცემა გავრცელებული პრაქტიკა იყო, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები გარიგების ხასიათის შესახებ.
3. ფულის გათეთრების ბრალდება არასაკმარისად არის დასაბუთებული. ბრალდების დადგენილებაში მოცემულ მსჯელობაში და წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ დასტურდება დანაშაულის შემადგენლობა.
დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია (ქონება და წილები) ცეზარ ჩოჩელთან ასოცირებული ყველა კომპანია. პროკურატურის ბრალდების თანახმად, ცეზარ ჩოჩელი უკანონოდ განკარგავდა „რკინა ბეტონის შპალის“ ქარხნიდან მიღებულ შემოსავლებს, რითიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ახდენდა (ფულის გათეთრება).
მიგვაჩნია, რომ ბრალდებაში მოცემული დასაბუთება და ფაქტობრივი გარემოებები არასაკმარისია ფულის გათეთრების ბრალდების დასადასტურებლად, შედეგად ვერ დგინდება ფულის გათეთრების შემადგენლობა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. კანონის მიხედვით ეს არის უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განმარტავს უკანონო ქონების შინაარს, რის მიხედვითაც უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი) რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ბრალდებაში საუბარია ცეზარ ჩოჩელის მიერ ქარხნიდან მიღებული დივიდენდების მის სხვა კომპანიებში რეინვესტირებაზე, რაც, პროკურატურის მოსაზრებით, თანხის უკანონო წარმოშობის მიზნით ხორციელდებოდა. გაუგებარია, რატომ მიიჩნევს პროკურატურა დივიდენდის განკარგვას უკანონოდ. მესაკუთრეს სრული უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს ერთი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი და გამოიყენოს იგი სხვა კომპანიაში ინვესტიციების განსახორციელებლად. აღნიშნული ვერ იქნება ფულის გათეთრება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არსებობისთვის (ფულის გათეთრება) აუცილებელია არსებობდეს უკანონო ქონების ან შემოსავლის დაფარვის მიზანი. დივიდენდის განკარგვით კი ამგვარი მიზნის მიღწევა გამორიცხულია.
4. გაურკვეველია რამ განაპირობა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ცეზარ ჩოჩელთან ასოცირებულ ყველა კომპანიის აქტივების დაყადაღება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას (მათ შორის საბანკო ანგარიშებს). ყადაღის გამოყენება ხდება ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად. იმ პირობებში, როდესაც ფულის გათეთრების ბრალდება დამატებით დასაბუთებასა და ფაქტობრივ გარემოებებს საჭიროებს, გაუგებარია რამ განაპირობა სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში წარმოების პროცესში რამდენიმე კომპანიის საქმიანობის ერთდროულად შეჩერების აუცილებლობა.
დაყადაღებული კომპანიების საქმიანობა შეფერხებულია და მათ მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები ექმნებათ. ამას ემატება სასამართლო პროცესების პროკურატურის ინიციატივით გადადება და შესაბამისად საქმის გაჭიანურება.
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საქმეს. დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში, ბუნერბრივია, საგამოძიებო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება. დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, ვერავინ იქნება გათავისუფლებული პასუხისმგებლობისგან, თუმცა ამავდროულად აუცილებელია, გამოძიებამ არ დატოვოს კითხვის ნიშნები. მნიშვნელოვანია, გამოძიება დროულად და ობიექტურად წარიმართოს, რათა არ მოხდეს არც ერთი მხარის ლეგიტიმური ინტერესების ხელყოფა. დაუშვებელია გამოძიების მოტივით არაპროპორციული ზომების გამოყენება, რაც ბიზნესერთეულების საქმიანობის შეჩერებას იწვევს.
