არასამთავრობოები მიჩნევენ, რომ ციხეებში წამების ფაქტები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არასამთავრობოები მიჩნევენ, რომ ციხეებში წამების ფაქტები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება

04 თებერვალი, 2013

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავაც სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

მათივე ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობდა როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. 

როგორც არასამთავრობოები მიიჩნევენ, გავრცელებული ვიდეომასალა ამ სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა. 

"სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოვითხოვეთ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა, მათ შორის ვიდეოფირებზე ასახულ ფაქტებზე, ჩატარებულიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. გარდა ამისა, გაჩნდა იდეა, რომ გამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე ფოკუსირებას და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ პროკურორთან შექმნილიყო შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენდა პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის. მიუხედავად მსგავსი გამოძიებისადმი უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესისა, ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები არ შეიმჩნევა. ციხეებში არ ფიქსირდება გამომძიებლების მიერ მსჯავრდებულთა აქტიური ინტერვიუირება ინფორმაციის შეგროვების მიზნით და დღემდე საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბარია ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 32-ე წლიურ ანგარიშსა და ევროსაბჭოს თანამომხსენებელთა მაიკლ იენსენისა და ბორის ცილევიჩის საინფორმაციო ნოტაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობოები აცხადებენ, რომ 2012 წლის სექტემბრის თვეში, მათ მიერ დაყენებული მოთხოვნები კვლავაც აქტუალურია. 

ისინი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისთვის მოითხოვენ: 

1) უმოკლეს ვადებში მიანიჭოთ სპეციალურ ჯგუფს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატი;

2) უზრუნველყოთ შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭოს ფორმირება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენს პატიმრების გამოკითხვასა და მტკიცებულებების შეგროვებას;

3) საზოგადოების აქტიურ და რეგულარულ ინფორმირებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;

"ასევე, მოვითხოვთ, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად",-აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობოები აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საზოგადოებრივი დამცველი; ციხის საერთაშორისო რეფორმა; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.