წინასწარი პატიმრობის გამოყენება: საერთაშორისო შეფასებები და საქართველოს პრაქტიკა
გუშინ, 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე დააყენა შუამდგომლობა. მოსამართლის გადაწყვეტილება ხვალ, 18 თებერვალს გახდება ცნობილი.
ქართული კანონმდებლობით და საერთაშორისო პრაქტიკით, წინასწარი პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს როგორც აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ზომა. გახმაურებულ საქმეებთან მიმართებაში წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და შეფასებებში ბოლო დროს რამდენჯერმე მოხვდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, განსაკუთრებით საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
ეუთოს 2014 წლის სასამართლო მონიტორინგის ანგარიში
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო (OSCE/ODIHR) 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გახმაურებული საქმეების სასამართლო მონიტორინგის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებისადმი მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გასცემს, მათ შორის წინასწარი პატიმრობის საკითხზე.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არავის უნდა წაერთვას თავისუფლების უფლება თვითნებურად ან ჯეროვანი დასაბუთების გარეშე. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება ნაკლებად შემზღუდავი ზომები და, პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, რაც შეიძლება მოკლე ვადა. ეუთოს რეკომენდაციაა, ბრალმდებელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნისას დასაბუთების უფრო მაღალი სტანდარტი დაუწესდეს. ეუთო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კანონმდებლობაში ასახოს წინასწარი პატიმრობის პერიოდული გადახედვის მექანიზმები, სადაც მტკიცების ტვირთი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გაგრძელების თაობაზე ბრალმდებლის მხარეს იქნება. ამგვარად თავიდან იქნება აცილებული იმგვარი პრაქტიკა, სადაც პატიმრობა ავტომატურად მაქსიმალურ ვადამდე – 9 თვემდე გრძელდებოდა, რაც თავისუფლების პრეზუმფციის დარღვევას წარმოადგენს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE)
წინასწარი პატიმრობის ხშირი და არაჯეროვანი გამოყენების პრობლემაზე მიუთითებს ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და შეშფოთებას გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასა და მისი გამოყენების სიხშირის თაობაზე. PACE ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პატირმობა გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც უკიდურესი ღონისძიება და დაუშვებელია მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. რეზოლუციაში ასამბლეა უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, მიიღონ პროკურატურასა და სასამართლოსთვის ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები წინასწარი პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი პრაქტიკის სრული შესაბამისობა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მოთხოვნებსა და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებთან (2006) 13 წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით.
ქართული კანონმდებლობა და პრაქტიკა
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ გახმაურებული სისხლის სამართლის ანგარიშშია საუბარი, ქართულ კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ხარვეზი სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 9 თვიანი პატიმრობის საერთო ვადის ამოწურვამდე, ახალი ბრალდების წარდგენის შემთხვევაში 9 თვიანი პატიმრობის ათვლა ხელახლა იწყება; შედეგად, პრაქტიკაში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებული თითქმის 1 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული ისე, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა.
გიგი უგულავას დაკავება
თბილისი უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა თითქმის 8 თვეა იმყოფება წინაწარ პატიმრობაში. ის 2014 წლის 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულს 2014 წლის ივნისში მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას ედავება.
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სხვა ბრალდების ფარგლებში პროკურატურის შუამდგომლობაზე, თუმცა სხვა ბრალდებაზე, სასამართლომ მანამდეც იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ უგულავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს, რაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებული ე.წ. მორატორიუმის დარღვევად შეაფასეს, ვინაიდან გიგი უგულავა იმ პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, 2014 წლის აპრილში პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული პირების დაკითხვისა და დაკავებისაგან მაქსიმალურად თავის შეკავებისკენ.
