უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრების ლაშა ტუღუშის, ეკა გიგაურის და კახი კახიშვილის განსხვავებული მოსაზრება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრების ლაშა ტუღუშის, ეკა გიგაურის და კახი კახიშვილის განსხვავებული მოსაზრება

14 თებერვალი, 2014

 

2013 წლის 31 დეკემბერს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შესახებ.

სამ წევრს ეკა გიგაურს, ლაშა ტუღუშს და კახაბერ კახიშვილს ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები, რომლებიც არ იქნა ასახული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომისიის ანგარიშში, ამიტომ მათ დატოვეს კომისია. 

კომისიის წევრების ლაშა ტუღუშის, ეკა გიგაურის და კახაბერ კახიშვილის
განსხვავებული მოსაზრება

ვაფიქსირებთ განსხვავებულ მოსაზრებებს კომისიის სამუშაო ანგარიშის შინაარსის, დასკვნის და რეკომენდაციების ნაწილის მიმართ.

შენიშვნები ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით:

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ანგარიშში მაქსიმალურად იყოს ჩამოთვლილი უკანონო თვალთვალისა და მიყურადების განხორციელების მეთოდები. მაგალითად, ანგარიშში, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების განხორციელებულ მეთოდებს შორის საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, რომ მასალების შეგროვების ერთ-ერთი მეთოდი სატელეფონო საუბრების მიყურადება და სხვადასხვა ადგილებში სათადარიგოდ დამონტაჟებული ვიდეო კამერები იყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცული ვიდეო და აუდიო მასალის მოპოვების მთავარ მეთოდს ჩანერგილი აგენტების მეშვეობით კადრების გადაღება და კომპიუტერებში სათანადო ვირუსების ჩანერგვის გზით მასალების მოპოვება წარმოადგენდა. კომისიის სხდომაზე სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა ანგარიში, სადაც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სხვა მეთოდებზეც იყო საუბარი. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩია მოხდეს საზოგადოებისთვის ზემოხსენებული ინფორმაციის უფრო დეტალურად მიწოდების უზრუნველყოფა.

შენიშვნები ანგარიშის დასკვნის ნაწილში:

დასკვნის ნაწილში არ უნდა იყოს საუბარი უკანონო ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის სისტემური დანაშაულის პრევენციის მიზნით, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. აუცილებელია ამ საკითხის ყველა მარეგულირებელი კანონმდებლობის შეცვლა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება. აქვე, მიზანშეწონილია აღინიშნოს ბატონი თომას ჰამმარბერგის მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე და ზედამხედველობის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელზეც საუბარი იყო მის მიერ კომისიისთვის მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში. საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამმარბერგი აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს და გადაჭრას საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკომუნიკაციო ოპერატორებთან დამონტაჟებული მიყურადების მოწყობილობების არსებობის საკითხი, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა ყველა სახის კომუნიკაციებთან კერძო პირებს შორის.

პერსონალურ მონაცემებთან დაშვება შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს  ორგანიზებულ დანაშაულთან ან ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ, თუმცა ფარული მიყურადებისა და თვალთვალის უკანონოდ გამოყენების რისკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკანონმდებლო, დემოკრატიული და სასამართლო კონტროლი ყველა სახის ქმედებებზე ამ სფეროში.

კომისიის წევრთა შენიშვნები რეკომენდაციების ნაწილში:

მნიშვნელოვანია რეკომენდაციების ნაწილში ვისაუბროთ სავარაუდოდ სისტემური დანაშაულის მომავალში პრევენციის კონკრეტულ მექანიზმებზე. ასევე გასათვალისწინებელია ბატონი თომას ჰამმარბერგის რეკომენდაციები, რომლებიც მან კომისიისთვის შეიმუშავა.

უახლოეს ვადებში უნდა შემუშავდეს და მიღებული იქნეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს პირადი ცხოვრების ხელყოფის შესაძლებლობას და ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი სუბიექტების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ:

საკანონმდებლო ცვლილებები

1. განისაზღვროს სამართალდარღვევის ხასიათი, რომელიც შეიძლება გახდეს ფარული თვალთვალისა და მიყურადების დაწყების საფუძველი; მიზანშეწონილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება ნებადართული იყოს თუ ჩადენილია ან მზადდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

2. განისაზღვროს პირთა კატეგორია, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ ფარულ მიყურადებას ან თვალთვალს. მოსმენაზე ნებართვის გაცემის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული მყარი ვარაუდი, რომ ადამიანი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩაბმული.

3. მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ხანგრძლივობის ლიმიტები, რათა არ მოხდეს მისი თვითნებური ან გადაჭარბებული ვადით გამოყენება. ასევე, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შემოწმების, გამოყენების, შენახვის და ჩანაწერების წაშლისა და განადგურების წესები საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას.

4. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების, მის შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და ამ მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ასევე, უნდა შემუშავდეს წესები, თუ რა ფორმით და რა ვადებში შეიძლება ეცნობოს პირს მის მიმართ განხორციელებული ფარულ მიყურადების ან თვალთვალის შესახებ ინფორმაცია და მისი გასაჩივრების წესი. 

ზედამხედველობის მექანიზმების შექმნა

1. მიზანშეწონილია შეიქმნას სპეციალური საზედამხედველო საპარლამენტო კომისია, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შემოწმების, გამოყენების, შენახვის და ჩანაწერების წაშლისა და განადგურების წესების დაცვას;

2. ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის მიზნით ასევე აუცილებელია პირადი ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი სუბიექტების წრის გაფართოვება, გააქტიურება და მათთვის კანონმდებლობით დამატებითი ფუნქციების მინიჭება. ასევე, შესაძლებელია მოხდეს პერსონალური  მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებების გაზრდა.

 

ეკა გიგაური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
 
ლაშა ტუღუში
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი

კახაბერ კახიშვილი
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი