უკმაყოფილო გადამზიდველების პრობლემა არ მოგვარებულა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უკმაყოფილო გადამზიდველების პრობლემა არ მოგვარებულა

12 აპრილი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად ადევნებს თვალს ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესს, რომელთა ამოქმედების შემდეგ გადამზიდველებს ტვირთის განბაჟებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ამ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ ამ მეწარმეების პრობლემა არ არის მოგვარებული.

უფრო მეტიც, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 11 აპრილს მეწარმეებმა პაატა ენუქიძემ და ადნან აკიანმა „საქართველოს ფოსტისგან“ თანამშრომლობის შეთავაზება მიიღეს. ჩვენი ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტამ“ მეწარმეებს შესთავაზა მისი ქოლგის ქვეშ გააგრძელონ საქმიანობა, რაც მათ განბაჟებასთან დაკავშირებულ სირთულეებს თავიდან აარიდებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ნორმების დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, ცხადია, რომ „საქართველოს ფოსტა“ თავს უპირატეს მდგომარეობაში თვლის. ამაში მას ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაციები უწყობს ხელს. ასევე გაუგებარია, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ბრძანება საქართველოში კონტრაბანდის შემოტანის აღკვეთას ემსახურება და ეს მცირე გადამზიდველები „საფრთხეს“ წარმოადგენენ, რატომ შეძლებენ ისინი უკვე „საქართველოს ფოსტის“ გავლით იმავე რაოდენობისა და ტიპის ტვირთის შემოტანას.

როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების შედეგად „საქართველოს ფოსტა“ დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი შეთავაზება კი წარმოადგენს კომპანიის მცდელობას, ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და კონკურენტების ხარჯზე განიმტკიცოს უპირატესი პოზიცია ბაზარზე.

ასევე უნდა ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობაზე სიტყვიერი მზადყოფნის მიუხედავად, ამ დრომდე მხედველობაში არ მიუღია ჩვენი რეკომენდაციები. სწორედ ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ სასამართლოს გზით მოითხოვს ფინანსთა სამინისტროს იმ ბრძანებების გაუქმებას, რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს დამატებითი ფორმალური ბარიერები დაუწესდათ საბაჟო პროცედურების გავლაზე, რის შედეგად საქართველოს ფოსტა უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც აუცილებელია მათი გაუქმება.