უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ჯემალ ფუტკარაძის არჩევა აჭარის კონსტიტუციის უგულებელყოფით მოხდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ჯემალ ფუტკარაძის არჩევა აჭარის კონსტიტუციის უგულებელყოფით მოხდა

17 მარტი, 2015

 

2015 წლის 13 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ერთ-ერთ საკითხად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა განიხილებოდა. სხდომაზე რეგისტრაცია 13 დეპუტატმა გაიარა, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომა მუშაობას შეუდგა. ვიცესპიკერის თანამდებობაზე ორი კანდიდატი: ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე წარადგინეს. კენჭისყრის შედეგად, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ 8 ხმით არჩეულ ვიცესპიკერად ჯემალ ფუტკარაძე გამოაცხადა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ კენჭისყრის დადგენილების პროექტს კენჭი არ უყარა იმ მოტივით, რომ აჭარის კონსტიტუციის თანახმად, ვიცესპიკერის არჩევისთვის არა 8, არამედ 11 ხმა იყო საჭირო.

ამის შემდეგ ავთანდილ ბერიძემ დარბაზი დატოვა, სხდომა კი დარბაზში უხუცესმა წევრმა მედეა ვასაძემ გააგრძელა, რის შემდეგაც ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევის დადგენილების პროექტს კენჭი ეყარა.

16 მარტს, მმართველი კოალიციის ყოფილმა წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის არგუმენტად, 2012 წლის 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერად დავით ბაციკაძის არჩევისას, სხდომაზე რეგისტრირებული დეპუტატების სია გამოაქვეყნა. დეპუტატის მტკიცებით, მაშინაც რეგლამენტის მოთხოვნის მიუხედავად, რეგისტრაცია არა 14-მა, არამედ 13 დეპუტატმა გაიარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საბჭოსთვის, ბაციკაძე ვიცესპიკერად აერჩიათ და დადგენილების პროექტი მიეღოთ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობა 21 დეპუტატია, ნახევარზე მეტი კი – 11 წევრი. შესაბამისად, იმის გამო, რომ ფუტკარაძის არჩევას არა 11-მა, არამედ 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მისი არჩევა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ჯემალ ფუტკარაძის არჩევა აჭარის კონსტიტუციის უგელებელყოფით მოხდა და მის არჩევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი საფუძველს მოკლებულია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და ნორმათა კოლიზიის დროს გამოყენებული უნდა იქნას იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი ანუ კონსტიტუცია.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციის შესაბამისად აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები, მით უფრო, როცა საკითხი ეხება საკანონმდებლო ორგანოს და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.

print