ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა პრემირების სამაგალითო წესი მთავრობის კანცელარიის ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე შეცვალა
16 დეკემბერს გამართულ სხდომაზე თვითმმართველი თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მთავრობის კანცელარიის ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, პრემიების გაცემის მანამდე სამაგალითო წესში ცვლილებები შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებას მხარი დაუჭირეს საკრებულოს როგორც უმრავლესობის, ისე – უმცირესობის წარმომადგენელმა წევრებმა.
სულ ერთი თვის წინ, 21 ნოემბერს მიღებული დადგენილების პირველადი რედაქციით, მოხელეზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნებოდა დასაბუთება იმის შესახებ, რომ დასაქმებულ პირზე პრემია გაიცემა კონკრეტული დამსახურებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.
დადგენილებაში 16 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად კი:
-
ზუსტდება, რომ მოხელეზე პრემია შესაძლებელია გაიცეს კვარტალში ერთხელ მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;
-
შესაძლებელი ხდება პრემია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით.
პრემიის გაცემის წესის გადახედვა განაპირობა „საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის“ 3 დეკემბრის N40727 დასკვნამ. კერძოდ, ზედამხედველების სამსახურმა მიიჩნია, რომ საკრებულოს მიერ 21 ნოემბერს მიღებული დადგენილება შეიცავს ხარვეზებს, ძირითად არგუმენტად კი მოყვანილია ის გარემოება, რომ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება არ შეესაბამება მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებას „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“. ზედამხედველობის სამსახურის პოზიციით, მთავრობის დადგენილებას საკრებულოს დადგენილებაზე უპირატესი იურიდიული ძალა აქვს, რაც, თავის მხრივ, განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21 ნოემბრის 48-ე დადგენილების პრეამბულაში მისი მიღების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ მთავრობის 449-ე დადგენილება არის მითითებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით:
-
ზუგდიდის მუნიციპლიტეტის საკრებულოს მიერ 21 ნოემბერს მიღებული დადგენილება სამაგალითო იყო, რადგანაც პრემიის გაცემის ერთადერთ საფუძვლად საჯარო მოხელის დამსახურება იყო განსაზღვრული, რომელიც დასაბუთდებოდა შესაბამისი დოკუმენტით.
-
ზედამხედველი ორგანოს დასკვნის განხილვისას ზუგდიდის საკრებულოს ჰქონდა შესაძლებლობა, მოტივირებული უარი ეთქვა შემოთავაზებულ ჩასწორებაზე და, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, პრეამბულიდან ამოეღო მითითება მთავრობის დადგენილებაზე, რომელიც, თავის მხრივ, პრემიის გაცემის განსხვავებულ საფუძველს ითვალისწინებს.
-
დაზუსტება, რომ პრემიები შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ, არ წარმოადგენს ცალსახად უარყოფით ცვლილებას, რადგან დგინდება დამატებითი შეზღუდვა, რაც ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შანსს შეამცირებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამან არ გამოიწვიოს პრემიების, ავტომატურ რეჟიმში, კვარტალში ერთხელ გაცემა და ყოველ გადაწყვეტილებას პრემიის გაცემის თაობაზე თან ახლდეს მყარი დასაბუთება.
-
უქმე დღეებთან დაკავშირებით პრემიის გაცემის შესაძლებლობა ეწინააღმდეგება 21 ნოემბერს მიღებული დადგენილების სულისკვეთებასა და პრემიის, როგორც წახალისების ინსტრუმენტის, იდეას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან ნელა მიმდინარეობს, მთავრობა უხეშად ერევა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთ ექსკლუზიურ უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ვრცელ სამართლებრივ ანალიზს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრემირების წესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.