გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე
გიორგი ოკმელაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დააკავეს 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით - 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმისთვის. 16 მაისს, პროკურატურის მიერ მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილისა (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის) ბრალდებით.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე 2025 წლის 3 თებერვალს, გიორგი ოკმელაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება მას მოეხსნა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად სამ დღეში. გამოძიებას აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი - 15 გამომძიებელი (ამ რაოდენობის გამომძიებელი, როგორც წესი, ჩართულია მრავალეპიზოდიანი ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების საქმეებში). სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ძალიან კარგად აჩვენებს საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სახელისუფლებო მედიის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას პოლიტიკური ნების/მითითების არსებობისას - როგორ ჩქარდება გადაწვეტილებების მიღება საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურაში, სასამართლოში, საექსპერტო დაწესებულებაში და როგორ მიმდინარეობს კოორდინაცია უწყებებს შორის ოფიციალური არხების მიღმა.
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროკურატურა ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოზე მონიტორინგის ფუნქციას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა. პროკურორს არ გაუუქმებია გამომძიებლის არცერთი უკანონო გადაწყვეტილება (რაც აღნიშნულ საქმეში მრავლადაა). უფრო მეტიც, პროკურორს მიმართული აქვს სასამართლოსთვის გამომძიებლის მიერ ჩატარებული უკანონო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის მოთხოვნით.
ეს საქმე არის კარგი ილუსტრაცია იმისა, როგორ ვერ ასრულებს სასამართლო საგამოძიებო ორგანოებზე, პროკურატურაზე მაკონტროლებლის როლს და არის პროკურატურის შუამდგომლობების უპირობოდ დამკმაყოფილებელი, მაშინაც კი როცა ეს შუამდგომლობები არც დასაბუთებული, არც სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისია და ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
ასევე, ეს სისხლის სამართლის საქმე არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი. საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და გიორგი ოკმელაშვილის კომპანიის საქმიანობის შეჩერების მიზნით ამოიღო კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიებამ ასევე, ამოიღო ბრალდებულის ავტომანქანა. ამოღებულ ნივთებს არავითარი მტკციებულებითი ღირებულება არ ჰქონდა იმ ბრალდებისთვის, რომელსაც პროკურატურა გიორგი ოკმელაშვილს ედავებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, მასიურად ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გვერდის ავლით (გამოძიება საქართველოში იწარმოება სპეციალურ ელექრტონულ პროგრამაში, სადაც რთულია წარმოებული დოკუმენტების გადაკეთება/თარიღის ჩასწორება). გამოძიების ძველი მეთოდით (ქაღალდზე) წარმოება, იძლევა გამოძიების ფალსიფიცირების მეტ შესაძლებლობას. ასეთი გამონაკლისები, როგორც წესი დაშვებულია მაშინ, როცა საგამოძიებო/საპროცესო მოქმდებების ოქმებში მითითებული თარიღები და საათები არ ასახავს რეალურ დროს.
გამოძიების დაწყების შესახებ ,,დაზარალებული“ პოლიციელის დაგვიანებული მიმართვა საგამოძიებო ორგანოს
,,დაზარალებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა საგამოძიებო ორგანოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ მეორე დღეს, 14 მაისს. პოლიციის თანამშრომელი წერილობითი განცხადებაში აღნიშნავს, რომ 13 მაისს, დილის საათებში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იდაყვი დაარტყა სახის არეში.
,,დაზარალებული“ პოლიციელის საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვის დროისთვის საგამოძიებო ორგანოს უკვე ჩატარებული ჰქონდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები ამოცნობის მიზნით გაგზავნილი ჰქონდა შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში.
მოწმეთა ჩვენებების იდენტურობა, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული დროების წინააღმდეგობა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანო (ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო) წერილობით მიმართავს შს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ დანაყოფს და უგზავნის გიორგი ოკმელაშვილის ფოტოებს მისი ვინაობის დადგენის მიზნით.
სწორედ ამ წერილის საფუძველზე ჩნდებიან სისხლის სამართლის საქმეში მოწმე პოლიციელები. სულ მოწმის სახით გამოკითხულია პოლიციის ოთხი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი დაზარალებულადაა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ შს სამინისტროს ყველა ტერიტორიული დანაყოფისთვის გაგზავნილ წერილს თან ერთვოდა 14 მაისს, 16:10-16:25 საათებში, თბილისში, გულუას ქუჩა 10-ში ჩატარებული ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის შედგენისას გაკეთებული გიორგი ოკმელაშვილის ფოტოების ე.წ. ,,სქრინშოთები“.
პოლიციის თანამშრომელი შ.ზ.-ს გამოკითხვა - 2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანოს მიერ შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, ამავე დღეს (14 მაისს) ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან საგამოძიებო ორგანოში იგზავნება წერილი, რომ შ.ზ.-მ ამოიცნო (დააინდეტიფიცირა) ფოტოზე აღბეჭდილი პირი და იგი იყო გიორგი ოკმელაშვილი.
შ.ზ. მოწმის სახით გამოიკითხა 14 მაისს, 17:00-17:20 საათის პერიოდში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღომში). საფუძვლიან კითხვის ნიშნებს ბადებს გამოკითხვის ოქმში მითითებული საათის რეალურობა, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ ,,სქრინშოთების“ გაკეთებიდან (16:25 საათიდან) ნახევარ საათში განხორციელებულია 6 საპროცესო მოქმედება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია:
1 - საგამოძიებო ორგანომ მოამზადა წერილი და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები იდენტიფიცირების მიზნით გაუგზავნა შს სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებს;
2 - ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წერილები გადანაწილდა პოლიციის თანამშრომლებზე გაცნობის მიზნით;
3 - შ.ზ. გაეცნო წერილს და მოამზადა საპასუხო წერილი, რომ მან ამოიცნო გიორგი ოკმელაშვილი;
4 - შ.ზ.-ს ხელმძღვანელმა თავის მხრივ მოამზადა მეორე წერილი და ეს ამბავი აცნობა საგამოძიებო ორგანოს;
5 - საგამოძიებო ორგანომ მოწმის სახით დაიბარა შ.ზ.;
6 - შ.ზ. გამოკითხვისთვის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან (რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზეა) გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღმის მასივში).
პოლიციის თანამშრომლების ჯ.ბ.-ს და ლ.ჭ.ს გამოკითხვა - 2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანოს მიერ შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, ამავე დღეს (14 მაისს) კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს სამმართველოდან საგამოძიებო ორგანოში იგზავნება წერილი, რომ საგარეჯოს სამმართველოს ორ თანამშრომელს ლ.ჭ.-ს და ჯ.ბ.-ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება. სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის აღნიშნული ორი პოლიციელის აბსოლუტურად იდენტური შინაარსის პატაკები (იდენტურია აბზაცები, წერტილი, მძიმე, შინაარსი).
ჯ.ბ. და ლ.ჭ. მოწმის სახით გამოკითხვისას განმარტეს, რომ 14 მაისს, სამსახურში მოვალეობის შესრულებისას, დაეწერათ სამსახურებრივი ბარათი. მისი გაცნობისას ამოიცნეს მამაკაცი, რომელმაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა პოლიციელზე.
ჯ.ბ.-ს გამოკითხვა დაიწყო 14 მაისს, 17:05 საათზე, ხოლო ლ.ჭ.-ს 14 მაისს, 17:07-ზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღომში). საფუძვლიან კითხვის ნიშნებს ბადებს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული დროების რეალურობა, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების მიერ გიორგი ოკმელაშვილის ფოტოების ,,სქრინშოთების“ გაკეთებიდან (16:25 საათიდან) 40 წუთში განხორციელებულია შემდეგი მოქმედებები, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია:
1 - საგამოძიებო ორგანომ მოამზადა წერილი და გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები იდენტიფიცირების მიზნით გაუგზავნა შს სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებს;
2 - ტერიტორიული დანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წერილები გადანაწილდა პოლიციის თანამშრომლებზე გაცნობის მიზნით;
3 - ჯ.ბ. და ლ.ჭ. გაეცნენ წერილს და მოამზადეს პატაკები, რომ ისინი ფლობდნენ გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას;
4 - ჯ.ბ.-ს- და ლ.ჭ.-ს ხელმძღვანელმა თავის მხრივ მოამზადა წერილი და ეს ამბავი აცნობა საგამოძიებო ორგანოს;
5 - საგამოძიებო ორგანომ მოწმის სახით დაიბარა ჯ.ბ. და ლ.ჭ.;
6 - ზემოაღნიშნული მოწმეებიდან ერთი საგარეჯოდან, ხოლო მეორე იორმუღანლოდან გამოკითხვის მიზნით გამოცხადნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში (დიღმის მასივში).
დაზარალებულად ცნობილი პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვა ა.ო. - მოწმე პოლიციელი ჯ.ბ და დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი ა.ო. აბსოლუტურად იდენტურად აღწერენ გიორგი ოკმელაშვილს: ,,დაახლოებით 40-43 წლის მამაკაცი; სიმაღლე 175-180 სმ, სრული აღნაგობის, მუქი ფერის საშუალოზე გრძელი თმით, სქელი სახის ნაკვთები, სქელი ცხვირით, მუქი ფერის გრძელი წვერი, მომწვანო-მონაცრისფრო ფერი ქურთუკი“.
უკანონოდ ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობები
გიორგი ოკმელაშვილის ფოტოსურათით ამოცნობები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია სამი ამოცნობა, ფოტოსურათით. კერძოდ, გიორგი ოკმელაშვილის ფოტო ამოსაცნობად წარედგინა სამ პოლიციელს. სამივე შემთხვევაში ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების საფუძვლად მითითებულია, რომ ,,უცნობია გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან.
სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ შეუძლებელი იყო გიორგი ოკმელაშვილის პირადად წარდგენა ამოსაცნობად ან ეს დაკავშირებული იყო არაგონივრულ ძალისხმევასთან. საქმეში არ ჩანს ამოცნობაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გიორგი ოკმელაშვილთან დაკავშირების, მისი ძებნის მცდელობა ან/და გიორგი ოკმელაშვილის მიერ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე უარის თქმის ფაქტი. ეს იმ ფონზე, როცა დაკავების მიზნით გიორგი ოკმელაშვილის პოვნა გამომძიებელმა შეძლო დაუყოვნებლივ (გიორგი ოკმელაშვილის დაკავების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოს ჩაბარდა 2024 წლის 15 მაისს, 11:18 საათზე, ხოლო გიორგი ოკმელაშვილი დაკავებული იქნა ამავე დღეს 16:19 საათზე, თბილისში).
ამოცნობამდე, ორ ამომცნობ პირს (პოლიციელს) ნანახი ჰქონდა გიორგი ოკმელაშვილის ფოტო და ამოცნობილი ჰყავდათ იგი. კერძოდ, 13 მაისს, საგამოძიებო ორგანოს მიერ შსს სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ერთეულს გაეგზავნა გიორგი ოკმელაშვილის ფოტოები და ეთხოვათ წარედგინათ იგი ყველა თანამშრომლისთვის ხომ არ ფლობდნენ ინფორმაციას მის შესახებ. სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია ორი ამომცნობი პოლიციელის პატაკი (პატაკები დაწერილია ამოცნობის ჩატარებამდე), სადაც ისინი აღნიშნავენ რომ ფოტოზე აღბეჭდილი პირი 13 მაისს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს.
აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა ფოტოსურათით ამოცნობები ჩატარებულია სამი სხვადასხვა გამომძიებლის მიერ, ზუსტად ერთი და იგივე დროს, სამივე ამოსაცნობი პირი, ამოცნობის ოქმებში იდენტურად, ერთი და იგივე სიტყვებითა და ნიშნებით აღწერენ გიორგი ოკმელაშვილის გარეგნობას და იმ მახასიათებლებს, რომლითაც იგი ამოიცნეს:
- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, პოლიციის თანამშრომელი ა.ო. - 2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც არის ,,40-43 წლის, 175-180 სმ სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის საშუალოზე გრძელი თმით, მუქი ფერის გრძელი წვერით, სქელი სახის ნაკვთებით, კეხიანი სქელი ცხვირით მარჯვენა იდაყვი ერთხელ ძლიერად დაარტყა.“
ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,სქელი სახის ნაკვთებით და ტუჩებით, მუქი ფერის თვალებით, სქელი კეხიანი ცხვირით, შავი ფერის გრძელი წვერით, საერთო იერსახით“.
- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, პოლიციის თანამშრომელი ლ.ჭ. – 2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, რომელიც იყო ,,40-43 წლის, დაახლოებით 175-180 სმ სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის საშუალოზე გრძელი თმით, მუქი ფერის გრძელი წვერით, სქელი სახის ნაკვთებით, კეხიანი სქელი ცხვირით მარჯვენა იდაყვი ერთხელ ძლიერად დაარტყა პოლიციის თანამშრომელს“.
ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,სქელი სახის ნაკვთებით, სქელი კეხიანი ცხვირით, ტუჩებით, შავი ფერის გრძელი წვერით, მუქი ფერის თვალებითა და საერთო იერსახით“.
- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, პოლიციის თანამშრომელი ჯ.ბ. - 2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სახის არეში ჩაარტყა მარჯვენა ხელის იდაყვი ,,იყო დაახლოებით 40-43 წლის მამაკაცი, დაახლოებით 175-180 სმ სიმაღლის, სრული აღნაგობის, მუქი ფერის საშუალოზე გრძელი თმებით, სქელი სახის ნაკვეთებით და სქელი ტუჩებით, კეხიანი განიერი ცხვირით, მუქი ფერის გრძელი წვერით,“ რომელსაც ტანთ ეცვა კაპიშონიანი საწვიმარი, რომელიც იყო მომწვანო მონაცრისფრო ფერის, ასევე მას ეცვა მუქი ფერის შარვალი“.
ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ,,სქელი სახის ნაკვთებით და ტუჩებით, სქელი კეხიანი ცხვირით, შავი ფერის გრძელი წვერით, საერთო იერსახით“.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოლიციელების ჩვენებებიც იდენტურია, სადაც ისინი აღწერენ გიორგი ოკმელაშვილს.
უკანონოდ ჩატარებული ჩხრეკა, ამოღებები
სისხლის სამართლის საქმეში პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები ჩხრეკებისა და ამოღებების შესახებ დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს - მასში კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული მოთხოვნის არგუმენტაცია. 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების შესახებ სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს გადაუდებლად, სასამართლოს განჩინების გარეშე. გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის მოთხოვნით პროკურორმა უნდა მიმართოს სასამართლოს და უნდა გადასცეს მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. ასევე, 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში ყველა ამოღებული ნივთი, საგანი, ობიექტი უნდა აღიწეროს ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით.
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურამ სასამართლოს სულ წარუდგინა 11 შუამდგომლობა: 5 შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად წინასწარი ნებართვის გაცემის შესახებ (3 შუამდგომლობა შეეხება ინფორმაციის გამოთხოვას, ერთი ბრალდებულის პირად ჩხრეკას, ხოლო ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას); 4 შუამდგომლობა გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ (გადაუდებლად ჩატარებული იქნა ბრალდებულის ოფისის ჩხრეკა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკა, ბრალდებულის ავტომანქანის ამოღება, პოლიციის თანამშრომლისგან საწვიმარის ამოღება); ერთი შუამდგომლობა ბრალდებულის დაკავების შესახებ; ერთი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ არსებობდა გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება/საფუძვლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არათუ გადაუდებლად, საერთოდ არ არსებობდა ამოღების საფუძველი. ასევე, არც ერთ დადგენილებაში არ არის მითითებული კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, რა გახდა საგამოძიებო მოქმედებების გადაუდებლად ჩატარების საფუძველი. არის მხოლოდ ზოგადი, შაბლონური მითითება, ერთი და იგივე ტექსტით, რომ დაყოვნება შეუძლებელს გახდიდა მტკიცებულებების მოპოვებას ან განადგურდებოდა მტკიცებულებები. კერძოდ:
- 2024 წლის 14 მაისს ,,დაზარალებული“ პოლიციის თანამშრომლისგან, გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებული იქნა საწვიმარი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. გადაუდებლად ამოღების ჩატარების საფუძველი გახდა გამოიძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურებისა და მათი მოპოვების შეუძლებლობა. რეალობას მოკლებულია ,,დაზარალებულ“ პოლიციის თანამშრომელს გაენადგურებინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ საწვიმარზე ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა დაგვიანებით, 2024 წლის 3 ივნისს. ამ თარიღამდე აღნიშნულ ნივთზე არ ჩატარებულა არავითარი საგამოძიებო მოქმედება, რასაც შესაძლოა გაემართლებინა მისი გადაუდებლად ამოღება;
- გადაუდებელი აუცილებლობით არის ჩატარებული ბრალდებულის ავტომანქანისა და ოფისის ჩხრეკა იმავე დღეს, როცა სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა (ბინის ჩხრეკა ჩატარდა ავტომანქანისა და ოფისის ჩხრეკის დაწყების შემდგომ). სისხლის სამართლის საქმეში არ არის არავითარი ახალი გარემოება, რაც წარმოშობდა ამ ობიექტებში ჩხრეკის გადაუდებლად ჩატარების საჭიროებას (პოლიციის თანამშრომლის შაბლონური პატაკის გარდა, რომ ოფისსა და ავტომანქანაში გიორგი ოკმელაშვილი ინახავს ტანსაცმელს და ინფორმაციის მატერებელ ელ. მოწყობილობას).ოფისში ან ავტომანქანაში ტანსაცმლის შენახვის შესაძლებლობა გამოძიებისთვის დასაშვები ფაქტი უნდა ყოფილიყო ჩხრეკის დღემდეც, ხოლო გაუგებარია ინფორმაციის მატარებელ ელექტრონულ მოწყობილობაზე რა უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, რასაც კავშირი ექნებოდა პოლიციელზე თავდასხმასთან, მაშინ როცა გამოძიებას უკვე მოპოვებული ჰქონდა აქციაზე გიორგი ოკმელაშვილის ყოფნისა და პოლიციასთან მისი კონტაქტის ამსახველი ვიდეომასალა). ის, რომ ავტომანქანაში და ოფისში არ ინახებოდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკციებულება, ეს დადასტურებულია ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთებით. არც ავტომანქანიდან და არც ოფისიდან ამოღებულა მტკიცებულება, რომელსაც კავშირი აქვს ბრალდებულისთვის წარდგენილ ბრალთან (ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა ბინის ჩხრეკის დროს, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა ჩატარდა ავტომანქანისა და ოფისის ჩხრეკის ჩემდგომ);
- დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ოფისის ჩხრეკის შესახებ გამოტანილია 2024 წლის 16 მაისს, ხოლო ჩხრეკა ჩატარებულია 2024 წლის 15 მაისს (დადგენილების გამოტანამდე, რაც უკანონოა).
რაც შეეხება პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობებს, ისინი არ არის დასაბუთებული და კანონმდებლობის შესაბამისი:
- არც ერთ შუამდგომლობაში, რომლებიც ეხება ჩხრეკის ჩატარებას, არ არის მითითებული რა საგნის, ნივთის, ობიექტის აღმოჩენისა და ამოღების მიზნით ტარდება ჩხრეკა. შუამდგომლობებში არის ზოგადი მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ,,აუცილებელია ჩატარდეს ჩხრეკა, რათა აღმოჩენილი და ამოღებული იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება,“ თუმცა რომელია საქმისთვის მნიშვნელოვანი ეს ნივთები უცნობია;
- შუამდგომლობებში, რომლებითაც პროკურორმა მოითხოვა გადაუდებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობა, არ არის დასაბუთებული რამ განაპირობა ჩხრეკის/ამოღების გადაუდებლად ჩატარება და რა კავშირი აქვს ამოღებულ ნივთებს ბრალდებულისთვის წარდგენილ ბრალთან. ზოგიერთ მათგანში (მაგ.: ოფისის გადაუდებლად ჩხრეკის კანონიერების მოთხოვნის შუამდგომლობაში) საერთოდ არ არის მითითებული რა ნივთები, საგნები იქნა ამოღებული ოფისიდან.
სასამართლოს მიერ პროკურატურის ყველა (11-ვე) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან, ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა იმავე დღეს, ძირითადად მიმართვიდან 3-4 საათში. ერთ მათგანზე განჩინება გაცემულია არასამუშაო საათებში. სასამართლოს არც ერთ განჩინებაში არ არის მითითებული რა საგნის, ნივთის, ობიექტის აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უნდა ჩაატაროს გამომძიებელმა ჩხრეკა. შესაბამისად, არც ერთ განჩინებაში არ არის მსჯელობა რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამოსაღებ ნივთებს საქმესთან. სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა ყველა შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში არ არის აღწერილი ამოღებული ნივთები დეტალურად (მაგ.: რა მოცულობის ინფორმაცია იყო ჩაწერილი მეხსიერების ბარათებზე, რა ერქვა ფაილებს და ა.შ.). და მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკის/ამოღების შედეგად აღმოჩენილი ნივთების/საგნების აბსოლუტურ უმრავლესობას არავითარი შემხებლობა არ აქვს ბრალდებულისთვის წარდგენილ ბრალთან.
სასამართლო რეალური კონტროლის არარსებობის შედეგია სწორედ ის, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია საგნები, ნივთები, რომლებსაც მტკიცებულებითი ღირებულება არ შეიძლება ჰქონდეს გიორგი ოკმელაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან. კერძოდ: ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 2 ცალი ტელეფონი, ლეპტოპი და საფულე მასში მოთავსებული ფულითა და პლასტიკური ბარათებით; ოფისის ჩხრეკისას ამოღებული იქნა: 5 პერსონალური კომპიუტერი, 1 ლეპტოპი და მეხსიერები ბარათები. ასევე, გამოძიებამ ამოიღო გიორგი ოკმელაშვილის ავტომანქანა, რომელიც არც დანაშაულის საგანია, არც იარაღი, არც საშუალება და არც დანაშაულის კვალი აღენიშნებოდა. შესაბამისად, გიორგი ოკმელაშვილის ავტომანქანის ამოღებას და მისი ოფისიდან დიდი მოცულობით ტექნიკის ამოღებას შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი მიზანი: გიორგი ოკმელაშვილის დასჯა, მისი ოფისის საქმიანობის შეჩერება/შეფერხება.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული და დამაგრებული ვიდეოჩანაწერები
2024 წლის 14 მაისს საგამოძიებო ორგანომ წერილობით მიმართა ტელეკომპანია ,,იმედს“ და მოითხოვა ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა 13 მაისს საპროტესტო აქციის გადაღება და სად ინახებოდა ეს მასალები. საგამოძიებო დანაყოფი ძალიან სწრაფად იღებს აღნიშნულ წერილზე დადებით პასუხს, პროკურორიც, ამ პასუხის საფუძველზე, ძალიან მოკლე დროში, ამზადებს შუამდგომლობას ტელეკომპანია ,,იმედიდან“ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც სასამართლოში ამავე დღეს (14 მაისს), 12:05 საათზე უკვე წარდგენილია. ამავე დღეს სასამართლოს მიერ, ასეთივე სისწრაფით გაცემულია განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის საფუძველზეც 14 მაისს, 16:00-16:20 საათზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედება. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმში არ არის მითითებული რამდენი ვიდეოფაილი იქნა ამოღებული, ფაილების მოცულობა, ფაილების სახელწოდება და ა.შ.
2024 წლის 13 მაისს საგამოძიებო ორგანომ წერილობით მიმართა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს და მოითხოვა ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა 13 მაისს საპროტესტო აქციის გადაღება და სად ინახებოდა ეს მასალები. საგამოძიებო დანაყოფი ამავე დღეს იღებს აღნიშნულ წერილზე დადებით პასუხს. სასამართლოს მიერ 14 მაისს გაცემული განჩინების საფუძველზე, გამომძიებელმა 16:10-16:25 საათზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმში გამომძიებლის მიერ მითითებულია, რომ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან ამოღებული იქნა ჩანაწერები (მრავლობით რიცხვში), რომლებიც ჩაიწერა მეხსიერების ბარათზე. ფაილების რაოდენობის აღმნიშვნელი ციფრი გადაკეთებულია და არ იკითხება მკაფიოდ. ოქმში არ არის მითითებული ფაილ(ებ)ის მოცულობა, ფაილ(ებ)ის სახელწოდება და ა.შ. ამასთან, ამავე ოქმში მეხსიერების ბარათის დალუქვის შესახებ ჩანაწერის შემდგომ (რომლითაც წესით ეს ოქმი იყო დასრულებული), გაკეთებულია მინაწერი, რომელიც ვიზუალურადაც ჩანს რომ, დიდი ალბათობით დამატებულია შემდგომ, რომ გამომძიებელმა გახსნა ჩანაწერი და გადაიღო ე.წ ,,სქრინშოტ’’ ფოტოები.
2024 წლის 14 მაისს, 16:55-18:00 საათზე, გამომძიებელმა გახსნა და დაათვალიერა ტელეკომპანია ,,იმედი“-დან ამოღებული ვიდეომასალა საგამოძიებო ოქმში მითითებულია, რომ მეხსიერების ბარათზე იყო სულ 53 ვიდეო/აუდიო ფაილი, რომლებსაც გამომძიებელმა უყურა აჩქარებულ ტემპში (არ არის მითითებული რა ხანგრძლივობის იყო აღნიშნული ჩანაწერები). ამავე ოქმის თანახმად, გამოძიებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მხოლოდ ორი ვიდეოფაილი - N275_0566 (20 წამიანი) და N275_0567 (15 წამიანი). ოქმში არ არის მითითებული, რომ ვიდეომასალაში ჩანს პოლიციელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა რატომღაც გამომძიებლისთვის საინტერესო აღმოჩნდა მხოლოდ ერთი მამაკაცის გარეგნობა და ტანსაცმელი (რომელიც შემდეგ დადგინდა რომ იყო გიორგი ოკმელაშვილი), რაც დეტალურად აღწერილია ოქმში. საგამოძიებო ორგანოს მიერ გიორგი ოკმელაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისი დაკავების წინასწარ განზრახვას ამყარებს ის ფაქტიც, რომ გამომძიებლის მიერ მოხდა მხოლოდ ამ ორ ფაილზე აღბეჭდილი პირის აღწერა, მაშინ როცა ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ გიორგი ოკმელაშვილის ვინაობა არ იყო დადგენილი, არც პოლიციელზე თავდასხმასთან მისი კავშირი ჩანდა ვიდეოჩანაწერებში და გამომძიებლის მიერ აღწერილი პირი ვიდეოჩანაწერებში რაიმე კანონდარღვევას (ფიზიკურ ძალადობას, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას) არ ახორციელებდა. საქმის მასალებით არ დგინდება, რატომ არ აღწერა გამომძიებელმა სხვა ვიდეოფაილებში აღბეჭდილი პირების გარეგნობა და ჩაცმულობა.
2024 წლის 14 მაისს, 17:10-17:25 საათზე, გამომძიებელმა გახსნა და დაათვალიერა შსს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან ამოღებული ვიდეომასალა. ოქმის თანახმად, მეხსიერების ბარათზე მხოლოდ ერთი, 13 წამიანი ფაილია, სახელწოდებით - ,,aqciis monacile urtyams policiels”. გამომძიებლის მიერ ოქმში მითითებულია, რომ ვიდეოფაილში ჩანს როგორ ურტყამს ერთი მამაკაცი პოლიციის თანამშრომელს სავარაუდოდ იდაყვს. აღსანიშნავია, რომ 13 მაისს, საგამოძიებო ორგანოს მიერ შსს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში გაგზავნილი წერილით მოთხოვნილია შემდეგი სახის ინფორმაცია - 2024 წლის 13 მაისს, მიმდინარეობდა თუ არა, ქ. თბილისში რუსთაველის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის აუდიო-ვიდეო გადაღება. შესაბამისად, გაუგებარია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა, რატომ და რა ნიშნით დაამუშავა და დაახვედრა გამომძიებელს მხოლოდ ერთი, 13 წამიანი ვიდეო ფაილი, სადაც პოლიციელზე ხელის დარტყმის ფაქტი ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ შსს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან და ტელეკომპანია ,,იმედი“-დან გამოთხოვილი ჩანაწერები დათვალიერებულია სხვადასხვა გამომძიებლის მიერ, პარალელურად, თუმცა ორივე მათგანი 100%-ით იდენტურად აღწერს კადრებზე აღბეჭდილ პირს (გიორგი ოკმელაშვილს) - ,,სრული აღნაგობის წვერიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია მომწვანო-მონაცრისფრო ფერის კაპიშონიანი საწვიმარი, რომელსაც ქუდი წამოფარებული აქვს თავზე, ასევე მას აცვია მუქი ფერის შარვალი“.
დაგვიანებით დანიშნული, არარეალისტურად მოკლე დროში მომზადებული ექსპერტიზის დასკვნები და არასრულყოფილი ექსპერტიზები
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა - ექსპერტიზის დასკვნას არ ერთვის დაზიანებების ამსახველი ფოტოები. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის თანაშრომელს საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიუმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით და არც სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართავს დაუყოვნებლივ. სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა 2024 წლის 14 მაისს (დღის მეორე ნახევარში) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში. დაზარალებული ფიზიკურად გამოცხადდა ექსპერტიზაზე. 15 მაისს, ექსპერტიზის დანიშვნიდან მეორე დღეს, ბიუროს მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად დაზარალებულს დაუდგინდა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (მოშლის გარეშე). ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ალექსანდრე ოხანაშვილს სხეულზე გარეგნულად, ცხვირის მარცხენა ფრთაზე და გარდამავალი ზედა ტუჩის მიდამოს მარცხენა ნახევარში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. მიუხედავად სხეულის დაზიანების ხილული ხასიათია, ექსპერტს დასკვნის აღწერილობით ნაწილში, სხეულის დაზიანების კონკრეტული ადგილის ფოტოფიქსაცია (ფოტოცხრილის სახით) არ აქვს დართული (რაც როგორც წესი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილია). აღნიშნული აჩენს დასაბუთებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომელს საერთოდ არ ჰქონდა დაზაიანებები. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ,,დაზარალებულმა“ პოლიციელმა საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა (როგორც ჩანს, იგი თავს არ გრძნობდა დაზარალებულად და საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვა სწორედ ამიტომ არ ჩაუთვლია მიზანშეწონილად).
ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა - ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია უპრეცედენტოდ შემჭიდროებულ ვადაში - რამდენიმე საათში, ღამის საათებში, მაშინ როცა ასეთი სახის ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისთვის ექსპერტს როგორც წესი ჭირდება მეტი დრო. კერძოდ, 2024 წლის 14 მაისს დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაზე გადაგზავნილი ერთ-ერთი ვიდეომასალის დათვალიერება და საქმეზე მტკიცებულების სახით დამაგრება დასრულდა 14 მაისს, 18:00 საათზე. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ დასკვნა გამომძიებლისთვის გადაგზავნის თარიღად მითითებულია 15 მაისი, 04:11 საათი (შუაღამე, არასამუშაო დრო). დასკვნა მომზადებულია შესაბამისი სამსახური მენეჯერის მიერ (სამსახურის მოადგილე), რომელმაც არასამუშაო დროს (ღამის საათებში), დაახლოებით 10 საათში მოამზადა ტექნიკურად და პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ შრომატევადი და რთული ექსპერტიზის დასკვნა.
კომპლექსური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა - შემჭიდროებულ ვადაშია მომზადებული ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა 2 აბი მედიკამენტი, რომლებიც საქმის მასალების თანახმად, 15 მაისს, 17:30-19:45 საათებში, გიორგი ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. ექსპერტიზა დანიშნულია იმავე დღეს - 15 მაისს, ხოლო დასკვნა მომზადებულია 16 მაისს, 14:03 საათზე.
ბიოლოგიური ექსპერტიზა - 2024 წლის 03 ივნისს ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა პოლიციელისგან 21 დღის წინ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღებულ საწვიმარზე ბიოლოგიური ექსპერტიზა. თუ საწვიმარზე ნამდვილად არსებობდა დანაშაულის კვალი (სისხლის ლაქა), გაუგებარია რატომ დაინიშნა ექსპერტიზა დაგვიანებით, მაშინ როცა საწვიმარის ამოღება მოხდა გადაუდებლად, სასწრაფო წესით. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული იქნა 24 ივნისს.
საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა - აღნიშნული ექსპერტიზა დაინიშნა 2024 წლის 16 მაისს, ბინის, ოფისისა და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებულ ტექნიკაზე (კომპიუტერებზე, ლეტოპებზე, მეხსიერების ბარათებზე, ფოტოაპარატებზე, მობილურ ტელეფონებზე). ექსპერტიზა დაინიშნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა საქმის სასამართლოში გადაზავნამდე (საქმე სასამართლოში გადაიგზავნა 28 ივნისს) არ მომზადებულა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ბინის, ოფისისა და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ტექნიკას და მათში არსებულ ინფორმაციას ბრალდების მხარისთვის არავითარი მტკიცებულებითი ღირებულება არ ჰქონდა და აღნიშნული ნივთების ამოღება ემსახურებოდა სხვა მიზნებს.
პროკურორი და მოსამართლეები
აღნიშნული სისხლის სამართლის პროკურორია - ანი ხუბეჯაშვილი
მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:
- დავით მგელიაშვილი
- დავით კურტანიძე
- თეონა ეპიტაშვილი
მოსამართლე, რომელმაც საქმე არსებითად განიხილა - გიორგი გელაშვილი.
