ქართული ოცნება საჯარო მოხელეთა რეპრესიების ზომებს ამკაცრებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქართული ოცნება საჯარო მოხელეთა რეპრესიების ზომებს ამკაცრებს

16 დეკემბერი, 2024

“ქართულმა ოცნებამ” 13 დეკემბერს არალეგიტიმურ პარლამენტში მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე რჩებიან. ცვლილებები აზრს უკარგავს საჯარო სამსახურის რეფორმას, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და საჯარო სამსახურს მთლიანად პარტიულ ნებას უქვემდებარებს. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.

“ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების მისამართით გამოთქმული მუქარა -  რომ მათ მიერ დაფიქსირებულ უკმაყოფილებას “რეაგირება მოყვებოდა” -  რამდენიმე დღეში სისრულში მოიყვანა. კერძოდ პარტიამ საქმე გაიმარტივა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ისეთი ჩანაწერები შეიტანა, რის საფუძელზეც საჯარო მოხელეს სამსახურიდან  როცა მოესურვებათ მაშინ გაუშვებენ. კერძოდ:

საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წესი იცვლება:

  • შუა რგოლის თანამდებობის პირები აღარ ჩაითვლებიან უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელეებად. კანონის ამოქმედების შემდეგ დეპარტამენტის და სამსახურის მოქმედი უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან, რაც ნიშნავს რომ მათ შრომის პირობები ეცვლებათ და უვადოდ დანიშნულებად აღარ ითვლებიან. უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს შეეძლება ერთი თვით ადრე გააფრთხილოს და გაათავისუფლოს ისინი სამსახურიდან;
  • უწყების ხელმძღვანელის/მინისტრის დანიშვნის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას. მიუხედავად იმისა რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და გაუარესებული შრომითი პირობებით გააგრძელებენ საქმიანობას, კანონის მიხედვით, უწყებაში  ახალი მინისტრის მოსვლის შემთხვევაში  მათ ავტომატურად შეუწყდებათ ხელშეკრულება;
  • უკონკუროსოდ დანიშვნის წესი ბრუნდება. ახალ  ხელმძღვანელს/მინისტრებს უფლება ენიჭებათ საჯარო სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე (მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, სამსახურის უფროსი, მოადგილე და აშ) ხელშეკრულებით უკონკურსოდ დანიშნონ პირები მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადით.  პირებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობა არ მოეთხოვებათ, მათთვის ამიერიდან უმაღლესი განათლებაც და სახელმწიფო ენის ცოდნაც არაა სავალდებულო. ყოველივე ზრდის ნეპოტიზმის რისკებს და ძირს უთხრის საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობას და პროფესიულ სტანდარტებს;
  • საჯარო სამსახურში თანამდებობის პირების მუშაობის ვადა შემოიფარგლება მინისტრის თანამდებობაზე ყოფნით.  ეს  იმას ნიშნავს, რომ ყოველი ახალი მინისტრი მისთვის სასურველ დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს დანიშნავს. დანიშვნის დროს კი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ პირის უშუალოდ მათი ხელმძღვანელის მიმართ ლოიალურობა და არა კვალიფიკაცია.    ამით მთლიანად ირღვევა საჯარო სამსახურის სტაბილურობა  და ინსტიტუციური მეხსიერება.  

იცვლება საჯარო მოხელეების შეფასების სისტემა

  • საჯარო მოხელეს წელიწადში ერთის ნაცვლად, 2-ჯერ შეაფასებენ - კერძოდ, 2 უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მას  ორი წლის ნაცვლად ერთ წელიწადში დაატოვებინებენ სამსახურს. ახალი მინისტრის მიერ მოყვანილ ახალ თანამდებობის პირს შეეძლება მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მარტივად გაუშვას სამსახურიდან; 
  • საჯარო მოხელის უშუალო უფროსის შეფასება დაწესებულების  უფროსს შეუძლია შეცვალოს.   დაწესებულების უფროსს, მიუხედავად იმისა თუ რა შეფასებას აკეთებს საჯარო მოხელის უშუალო უფროსი, შეუძლია შეცვალოს ეს შეფასება. რაც შეიძლება საფუძველი გახდეს ამ პირის გათავისუფლების ან მისთვის ხელფასის 20% დაქვითვის.  აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება იმას, რომ თუკი ახალი უწყების ხელმძღვანელი შეეცდება მისთვის არასასურველი პირების სამსახურიდან გაშვებას მისთვის უშუალო ხელმძღვანელის შეფასება წინაღობას აღარ წარმოადგენს და მას მარტივად ექნება შესაძლებლობა კვალიფიციური კადრიც გაუშვას თანამდებობიდან. 

საჯარო მოხელის შრომითი გარანტიები უქმდება

რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში სამსახურში აღარ აღადგენენ და  რეზერვში ჩარიცხავენ.

print