კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას კრიტიკულად აფასებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას კრიტიკულად აფასებს

02 დეკემბერი, 2021

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის დანიშვნას. კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესები არსებითად პრობლემურია, რადგან არასაკმარისად არის დაზღვეული ამ პროცესზე შიდა და გარე გავლენების საფრთხეები. ამავდროულად, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას.

საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების[1], სახალხო დამცველისა[2] და  საერთაშორისო აქტორების[3] არაერთი მოწოდება, შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა. შედეგად, 1 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანომ უზენაეს სასამართლოში 4 ახალი მოსამართლე განამწესა უვადოდ.[4]

აღსანიშნავია, რომ შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანმა პროცედურებმა და მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ნების არარსებობამ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამყარებოდა ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს, თავისთავად შეამცირა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესი, ჩართულიყო კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესში. შედეგად, მიმდინარე წლის 25-26 ნოემბერს იურიდიულ კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული ინდივიდუალური გასაუბრებები ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩართულობის გარეშე წარიმართა. გასაუბრებების ასეთ კონტექსტში ჩატარება და კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა, ჩრდილს აყენებს როგორც კონკრეტულად შერჩეულ მოსამართლეებს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემას. მსგავსი პროცესები კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პერსპექტივას და ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აღნიშნული კონკურსი განსაკუთრებით პრობლემური იყო რამდენიმე გარემოების გამო:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ზოგად უნდობლობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე საბჭოში არ არის დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა მოსამართლე წევრთა სრული დომინაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა კორპორატივიზმის და კლანურობის აღქმებს;
  • წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას;
  • საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები წარიმართა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დაბალი მონაწილეობით, რისი მიზეზიც იყო ზოგადი რწმენის არარსებობა, რომ საპარლამენტო მოსმენები კანდიდატების რეალური უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენას, მათი პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას ემსახურებოდა;
  • საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ფაქტობრივად ერთპარტიულად და კვლავაც, მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა არ ემყარებოდა ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს.

 

[1] კოალიცია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას ეხმაურება, 24 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rpmyyD.

[2] სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, 25 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lcz9B6.

[3] აშშ-ის საელჩოს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ, 26 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3D5XhvG; კარლ ჰარცელი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესის დასაკვირვებლად პარლამენტში მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით, 25 ნოემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3xBznXB.

[4] პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია, 01 დეკემბერი 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lsQkyK.

print