კოალიციის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის დარღვევით მიმდინარეობასა და ინსპექტორის სამსახურის ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობას.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 17 მაისს გამოაცხადა. საკონკურსო კომისიაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობდნენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს.
კერძოდ, შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრებაზე (კონკურსის მეორე ეტაპზე) დაბარებული 7 განმცხადებლიდან მხოლოდ 1 აკმაყოფილებს კომისიის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს - მხოლოდ ამ უკანასკნელმა წარმოადგინა სავალდებულო სამოტივაციო წერილი სრულად. თუმცა, 2019 წლის 1 ივნისს, შაბათს, კომისია გაესაუბრა დაბარებული 7-იდან გამოცხადებულ 5 განმცხადებელს. შედეგად შეირჩა 2 კანდიდატურა პრემიერ-მინისტრისათვის წარსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ მათგან 1-მა ვერ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, 2-ვე კანდიდატურა, 2019 წლის 3 ივნისს, ორშაბათს, განსახილველად წარედგინა საქართველოს პარლამენტს (სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის პროცედურა ილუსტრირებულია თანდართულ გრაფიკაზე):
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით, კომისიამ პრემიერ-მინისტრს უნდა წარუდგინოს ინსპექტორის არანაკლებ 2 კანდიდატურა;
- შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ 1 კანდიდატურა აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, რის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ის განმცხადებლებიც, რომლებმაც ვერ გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი.
ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კენჭისყრაში მონაწილე საკონკურსო კომისიის წევრების ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებულია წინასწარ განსაზღვრული კანდიდატურის სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მოტივით.
გარდა ამისა, საუბარია კომისიის წევრებთან კომუნიკაციისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ დარღვევებზეც.
კოალიცია უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცედურებში არსებულ დარღვევებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, კანონმდებლობის დარღვევით კონკურსის ჩატარება ეჭვქვეშ აყენებს ინსპექტორის შემდგომი საქმიანობის ლეგიტიმურობას.
ზემოხსენებული ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საჯარო ტრიბუნიდან 29 მაისს გაკეთებული განცხადების ფონზე. კერძოდ, მთავრობამ არ გამოყო სამსახურის ასამუშავებლად საჭირო ფინანსურ სახსრები; აღსანიშნავია, რომ ფინანსური გარანტიების არარსებობის გამო, სამსახურის ამოქმედება უკვე 2-ჯერ გადაიდო. მეტიც, თამარ ქალდანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე არ არის განსაზღვრული იმ დანაყოფის საშტატო ნუსხა, რომელმაც 1 ივლისიდან უნდა შეასრულოს საგამოძიებო ფუნქციები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (რომლის შეზღუდული საგამოძიებო უფლებამოსილება უნდა გავრცელდეს სამართალდამცავთა გარკვეული წრის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე) დროულად ამოქმედების კრიტიკული საჭიროება დასტურდება უკანასკნელი წლების სტატისტიკითაც - თითქმის ყველა შემთხვევაში სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:
- საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს კონკურსის წესების დარღვევით შერჩეულ კანდიდატებს;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადოს ახალი კონკურსი;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულად მიეწოდოს სათანადო ფინანსური სახსრები, რათა 2019 წლის 1 ივლისს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს.
დანართი