კორუფციის აღქმის ინდექსი 2024: საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. 100 ბალიან შკალაზე 53 საშუალო შედეგია და 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.
ამასთან, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები კი სწორედ ესაა.
ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით.
კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.
2024 წლის შედეგების თანმდევი ანალიზის მიხედვით:
„CPI-ის ვიწრო არეალის გამო, ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა, არ არის ასახული ქულებში… ზოგიერთმა მთავრობამ არასწორად გამოიყენა მიღებული შედეგები დამახინჯებული ნარატივის შესაქმნელად. მაგალითად, საქართველოში, მთავრობამ CPI-ის ქულები 2012 წლიდან ვერ გააუმჯობესა, თუმცა აგრძელებს შედეგის დიდ მიღწევად წარმოჩენას, რათა გადაფაროს მისი სერიოზული თავდასხმები დემოკრატიულ პროცესებზე, კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო თავისუფლებებზე.
წინა წლებში CPI-ის ანალიზისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავდა, რომ საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატიული პრაქტიკების ზრდა იყო.“
კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ
2024 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.
