ENG

კორუფციის პრევენცია პანდემიის პირობებში: გამოწვევები და რეკომენდაციები

20 მაისი, 2020

 

„კორონავირუსის” პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა ქვეყნებისა და მათი მთავრობებისთვის. დაავადების გავრცელების შეკავება მასშტაბურ და ხშირად რადიკალურ ზომებს მოითხოვს ხელისუფლებისგან. ეს ზომები მეტწილად გამართლებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმ რისკების გააზრება, რომლებიც ამ ზომებს ახლავს თან, და მათთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება.

ერთ-ერთი ასეთი რისკი კორუფციაა, რომლის ალბათობაც ტრადიციულად იზრდება კრიზისების დროს. ასეთ ვითარებაში მთავრობის ძალაუფლების ზრდას თან ახლავს საფრთხე, რომ ეს ძალაუფლება ცალკეული პირების ან ჯგუფების კერძო ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ამ კონტექსტში ყურადღებას სამ ძირითად გამოწვევაზე ამახვილებს: 1) კორუფციის რისკები სახელმწიფო შესყიდვებში; 2) ანგარიშვალდებულების, კონტროლის და ზედამხედველობის უზრუნველყოფა ეკონომიკური დახმარების პროგრამების განხორციელებისას; 3) კორუფციის რისკების ზრდა საჯარო დაწესებულებებში.

სხვა ქვეყნების მსგავსად, ამავე გამოწვევების წინაშე დგას საქართველოც: მთავრობის ძალაუფლება გაზრდილია კრიზისის პირობებში, ხოლო, პარალელურად, მთავრობა გეგმავს მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, რომელიც პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

ეს ღონისძიებები საჭირო და გამართლებულია არსებულ ვითარებაში. ამავე დროს, ხელისუფლებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ზემოთ აღწერილი რისკები და ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს ამ რისკების შესამცირებლად.

მნიშვნელოვანია, რომ:

  • სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა იყოს საფრთხეების პროპორციული და გამომდინარეობდეს მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებებიდან. ასევე, არ მოხდეს კანონის შერჩევითი აღსრულება.
  • თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს კონკურენტული ტენდერების გზით.
  • პარლამენტმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სათანადოდ აკონტროლონ მთავრობის საქმიანობა და ეპიდემიასთან გასამკლავებლად გამოყოფილი თანხების ხარჯვა.
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა კრიზისის დაძლევის ღონისძიებათა დაგეგმვის და მათი განხორციელების ზედამხედველობის საკითხებში.
  • მთავრობამ უზრუნველყოს მისი საქმიანობისა და ხარჯების მაქსიმალური გამჭვირვალობა, პერიოდულად გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიშები ეპიდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროგრამების განხორციელების შესახებ. სოციალური და ეკონომიკური დახმარების განაწილება იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, არ ემსახურებოდეს მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს.
  • საჯარო უწყებების შიდა მაკონტროლებელმა ორგანოებმა (შიდა აუდიტის სამსახურები, გენერალური ინსპექციები) მაქსიმალურად იზრუნონ კორუფციის შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.
  • სამართალდამცავმა უწყებებმა ყურადღებით შეისწავლონ ნებისმიერი ინფორმაცია კორუფციის შესაძლო შემთხვევების შესახებ.