მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასება

02 აპრილი, 2021

 

მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და ქვეყანა  სრულად გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. პარლამენტს საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროსაც და დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც არაერთი წელია ვლინდება პარლამენტის საქმიანობის პროცესში.

საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში ოპოზიციის როლი, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები.

მე-9 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით პირველად შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა პარლამენტმა კომისიის დასკვნა არ გაიზიარა.

ზოგადი სტატისტიკა:

  • მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა (მათ შორის - 5 საგანგებო და 47 რიგგარეშე). კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა.
  • 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო 2204 კანონი, აქედან ყველაზე მეტჯერ მთავრობის ინიციატივებს დაუჭირა მხარი.[1]
  • ოპოზიციის მხრიდან[2] დაინიცირდა 217 კანონის პროექტი, აქედან მხოლოდ 4 კანონის პროექტს (3 საკანონმდებლო ინიციატივა) დაუჭირა მხარი პარლამენტმა[3]. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი უმრავლესობის წევრებთან ერთად იყო თანაინიციატორი, კერძოდ, ამ წესით დაინიცირებული იყო სხვადასხვა პერიოდში 10 საკანონმდებლო ინიციატივა (38 კანონის პროექტი), აქედან მიღებულია 4 საკანონმდებლო ინიციატივა (21 კანონის პროექტი).[4]
  • პარლამენტის 65 წევრმა სულ 2350 კითხვა გაუგზავნა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს
  • ჩატარდა 7 ინტერპელაცია. 7-დან 6 შემთხვევაში წერილობითი შეკითხვების ავტორები იყვნენ ოპოზიციური ფრაქციები, ერთ შემთხვევში კი - უმრავლესობის ფრაქცია.
  • მინისტრის საათი  14-ჯერ შედგა. 2020 წლის განმავლობაში განრიგის თანახმად 11 მინისტრის საათი უნდა ჩატარებულიყო, აქედან 7 შემთხვევაში არ ჩატარებულა.
  • საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 17 მოთხოვნა დარეგისტრირდა, თუმცა შეიქმნა მხოლოდ ერთი -  ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში ინიციატორები ოპოზიციური ფრაქციები იყვნენ.
  • პარლამენტში 16 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

 მნიშვნელოვანი მოვლენები

  • საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი
  • მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარება (რუსეთის დუმის დეპუტატ გავრილოვის თავმჯდომარეობით) და საპროტესტო ტალღა
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა
  • ხორავას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
  • უმრავლესობის წევრების მიერ უმრავლესობის დატოვება და უმცირესობის დაშლა
  •  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა
  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პანდემიის მართვის პროცესში პარლამენტის საქმიანობა

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, სექსუალური შევიწროების შესახებ ინიციატივა, ბავშვის უფლებათა კოდექსი, შშმ პირებზე ახალი კანონი, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის ზედამხედველობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის - „სტამბოლის კონვენციის” რატიფიცირება და მისგან გამომდინარე ცვლილებები.

პოზიტიური კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ეთიკის კოდექსი, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაცია.

ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ  შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის ცვლილება, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, თვითმმართველობის ერთეულების გაუქმება.

განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანი ხარვეზებით: საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

ინფორმაცია პარლამენტის წევრების აქტივობის შესახებ

მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

  • სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)
  • ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი სერგი კაპანაძე (454)
  • ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)
  • ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)
  • პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - კობა ნაყოფია (163)
  • პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - შოთა შალელაშვილი (33)
  • კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)
  • კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - ნატო ჩხეიძე (40)

 პასიური დეპუტატები

  • მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 20  დეპუტატს: რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი,[5] მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიან, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე. შედარებისთვის, ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მერვე მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით.

წარმოგიდგენთ რეკომენდაცებს, რომლებიც მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ საქმიანობის წარმართვის პროცესში გაითვალისწინოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა:

  • პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს აუცილებელ რეფორმებზე, მათ შორის აღსანიშნავია საარჩევნო რეფორმა და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც ეფექტური იქნება მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის საქმეების გამოძიებისა და რეაგირების მიმართულებით;
  • საკანონდებლო პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, კომიტეტები უფრო ხშირად უნდა ქმნიდნენ სამუშაო ჯგუფებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტების რაოდენობა შემცირდეს;
  • ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან კრიზისულ ვითარებაში (მაგ., პანდემიის დროს) პარლამენტმა არათუ არ უნდა გადააბაროს მთელი უფლებამოსილება მთავრობას, არამედ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საკუთარი საქმიანობა, მათ შორის - საპარლამენტო კონტროლი;
  • მთავრობაზე ეფექტური ზედამხედველობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია სათანადო კონტროლის მექანიზმებით იყოს აღჭურვილი;
  • პარლამენტმა უნდა გააუმჯობესოს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები;
  • მთავრობის წევრები თავს არ უნდა არიდებდნენ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და მათ მიერ, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან სხდომაზე არ დასწრების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები;
  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები უფრო ინტენსიურად უნდა გამოიყენებოდეს: მნიშვნელოვანია გაიზადროს ინტერპელაციის პერიოდულობა, გამარტივდეს მთავრობის წევრის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირის კომიტეტზე დაბარების პროცედურა; პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური და რიგგარეშე ანგარიშის წარდგენის, ასევე მინისტრის საათის შემდეგ უნდა იმართებოდეს დებატები;
  • პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ აღარ ხდებოდეს პირთათვის დაუსაბუთებლად უარის თქმა, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი საანგარიშო პერიოდში;
  • პარლამენტის წევრები აქტიურად უნდა ესწრებოდნენ სხდომებს და სრულფასოვან მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის საქმიანობაში.


[1] წყარო: https://bit.ly/3dm8Mpi, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.

[2] იგულისხმება უმრავლესობის გარეთ არსებული სუბიექტები: პარლამენტის წევრი, ფრაქცია.

[3] ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“  „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, https://info.parliament.ge/#law-drafting/15734; ადა მარშანიას ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე https://info.parliament.ge/#law-drafting/17661; გია ჟორჟოლიანის ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, https://info.parliament.ge/#law-drafting/18626 .

[4] ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები თავდაპირველად იყვნენ უმრავლესობის წევრები. შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებები https://info.parliament.ge/#law-drafting/20311 ავტორი: დიმიტრი ცქიტიშვილი, ინიციატორები: დ. ცქიტიშვილი, ს. კილაძე, დ. მათიკაშვილი, თ. ჩუგოშვილი, ი. კობახიძე, რ. იონათამიშვილი, თ. ხულორდავა.; საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, https://info.parliament.ge/#law-drafting/18239 , აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, https://info.parliament.ge/#law-drafting/17774 ; შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებები, https://info.parliament.ge/#law-drafting/17053 ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ტუღუში ავტორი: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.

[5] მერვე მოწვევის პარლამენტში ჰქონდა 1 სიტყვით გამოსვლა.